ბოსტონში გამართულ პოპულარულ მარათონზე კენიელი მორბენლები დომინირებდნენ. მამაკაცთა შორის გამარჯვება ბენსონ კიპრუტომ მოიპოვა, ქალთა გარბენი კი დაიანა კიპიოგეიმ მოიგო. ამასთან, ქალთა გარბენის კვარცხლბეკი მთლიანად კენიელებმა დაიკავეს.
მამაკაცთა გარბენის დასაწყისში, ამერიკელმა სიჯეი ალბერტსონმა სწრაფი ტემპი განავითარა და შუა დისტანციამდე, ძირითადი ჯგუფი ორი წუთით და 13 წამით ჩამოიტოვა. მაგრამ სხვებზე ადრე დაიღალა და ჯგუფმა ადვილად შეძლო დაწევა.
კიპრუტომ, ვინც მაისში პრაღის მარათონი მოიგო, ფინიშამდე 10 კილომეტრით ადრე შეძლო დაწინაურება და ბოლო კილომეტრნახევარზე, უახლოეს მდევარს 41 წამს უგებდა. საბოლოოდ, მან ფინიშს ორ საათში, ცხრა წუთსა და 51 წამში მიღწია.
მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად, ეთიოპიელებმა, ლემი ბერჰანუმ და ჯემალ იიმერმა დაიკავეს.
ქალთა გარბენში, პირველი 25 კილომეტრის განმავლობაში, ლიდერი არ გამოკვეთილა. მერე კი კიპიოგეიმ, ვინც შარშან ისტანბულის მარათონი მოიგო, ფეხს აუჩქარა და 30-კილომეტრიან ნიშნულზე, 10-წამიანი უპირატესობა მოიპოვა. ეთიოპიელმა ნეტსანეტ გუდეტამ დაწევა სცადა, მაგრამ როგორც კი ზურგსუკან მისი სუნთქვა იგრძნო, ისევ გაზარდა ტემპი და ფინიშს პირველმა, ორ საათში, 24 წუთსა და 45 წამში მიაღწია.
გუდეტამ ვერც მეორე ადგილი შეინარჩუნა. მეორეზე კენიელი ედნა კიპლაგატი გავიდა, ვისაც ბოსტონის მარათონი 2017 წელს აქვს მოგებული. მესამემ კი გარბენი ასევე კენიელმა, მარი ნგუგიმ დაასრულა.







