ფეხბურთი

20:33 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "იმედი გვაქვს, კარგად ვითამაშებთ, კოსოვოს ნაკრები გულით თამაშობს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კოსოვოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ფრანგ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი კარგად თამაშს მოახერხებს, ხოლო კოსოვო შეაქო და აღნიშნა, რომ ფეხბურთელები გულით თამაშობენ.

„კოსოვოსთან წაგება იმედგაცრუება იყო. ახლა კი მინდა, რომ ფეხბურთელებმა ჩვენი კარგი სახე წარმოაჩინონ და ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვითამაშებთ.

კოსოვოს ნაკრები? არ მინდა კომენტარი გავაკეთო მეტოქეებზე, მაგრამ, რაც პირველ თამაშში ვნახე, ის არის, რომ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მაღალი დონის გუნდია. თითოეულ გუნდს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მაგრამ კოსოვო გულით თამაშობს და კარგი ფეხბურთელები ჰყავს, როგორიცაა რაშიცა, ბერიშა და მურიქი.

სექტემბერში კოსოვოსთან დავმარცხდით, ეს ჩვენთვის საკმაოდ რთული მომენტი იყო, საშინაო მატჩში ყველა განსხვავებულ შედეგს ელოდა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მსურს, რომ ჩემი ფეხბურთელები ისე განეწყონ თამაშისთვის , როგორც ეს კოსოვოელებმა ბათუმში მოახერხეს. გვსურს, ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხი ჯერაც ვერ დავივიწყეთ და შევეცდებით ეს გამოვასწოროთ.

საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ამ მატჩში უკეთესად გამოვიყურებოდით ვიდრე ეს სექტემბერში კოსოვოს წინააღმდეგ იყო. სამწუხაროდ ბოლო წუთებზე ჩვენს კარში პენალტი მივიღეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე პოზიტიური განწყობით უნდა გავიდეთ. ყველა მატჩში ვცდილობთ, რომ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. ასევე გვსურს,რომ ქართველი გულშემატკივარი ამაყობდეს საკუთარი ქვეყნის ნაკრებით“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 6 მატჩში 1 ქულა აქვს, ხოლო კოსოვოს - 4. ამ გუნდების შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.119842