ფეხბურთი

19:44 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვედათ მურიქი: "საქართველო კარგად შევისწავლეთ და უნდა მოვიგოთ"

კოსოვოს ნაკრების თავდამსხმელმა ვედათ მურიქიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. „ლაციოს“ ფეხბურთელი ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებას გეგმავს და სჯერა, რომ იმაზე უკეთ ითამაშებენ, ვიდრე შვედეთთან.

„მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში ეს გამარჯვება არაფერს შეცვლის, საქართველოსთან უნდა მოვიგოთ, მაგრამ ჩვეულებრივ, ამისთვის მაქსიმუმის გაღებაა საჭირო. ველოდები, რომ იმაზე უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე შვედეთთან ვითამაშეთ და ვფიქრობ, მზად ვართ. გუნდში ატმოსფერო კარგია, კოსოვო პატარა ქვეყანაა, ფეხბურთელები ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ერთად ვართ. ბოლომდე ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ და პოზიტივზე ვიფიქროთ.

შვედეთთან კარგად არ გვითამაშია, როგორც გუნდს უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა. საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მეტოქე კარგად გავაანალიზეთ და მოედანზე მოსაგებად გავალთ. მართალია, ერთა ლიგაზე ბევრი გოლი გაგვქონდა, მაგრამ ჩვენზე სუსტი მეტოქეები გვყავდა, როგორებიცაა მალტა ან სან მარინო. ახლა უფრო რთული მეტოქეები გვყავს და გატანა ადვილი არ არის. საქართველოსთან გამარჯვებას ველოდებით და არ აქვს მნიშვნელობა 1:0-ს მოვიგებთ თუ 2:0-ს მხოლოდ სამი ქულის მოპოვება გვჭირდება“, - თქვა მურიქიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 6 მატჩში 1 ქულა აქვს, ხოლო კოსოვოს - 4. ამ გუნდების შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114059