ფეხბურთი

19:10 | 11.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი: "ველოდები, რომ საქართველოსთან გაცილებით კარგად ვითამაშებთ"

კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 70 წლის სპეციალისტს ხვალინდელ შეხვედრაზე ბევრი არ ულაპარაკია, ძირითადად თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა.

შალანდს ჟურნალისტები აკრიტიკებენ, რაზეც მან პასუხი გასცა და თქვა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების არ ეშინია.

„კმაყოფილი ვარ ამ გუნდით და არასდროს მეშინია სამსახურიდან გათავისუფლების. ფედერაცია თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, მაშინ კარგი, მაგრამ თუ გადაწყვეტს თანამშრომლობის გაგრძელებას, პრობლემა არ არის. კონტრაქტის გაფორმების პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ ყოველი დღე ჩემთვის გადარჩენის დღე იქნებოდა. ყოველდღიურად, მატჩიდან მატჩამდე გადავრჩი. ეს მწვრთნელისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გაიხსენეთ, რომ სამ წელზე მეტია აქ ვარ და რომ არ მომწონდეს კოსოვო, ეს გუნდი და კმაყოფილი არ ვიყო, ამდენ ხანს აქ არ დავრჩებოდი.

ჩვენ არ გვაქვს პრობლემები, მე ვერ ვხედავ. საქართველოსთან მოვიგეთ, საბერძნეთთან და ესპანეთთან კარგად ვითამაშეთ, ასე რომ, პრობლემებს ვერ ვხედავ. ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ შესაძლოა ეს საკმარისი არ არის. ესპანეთმაც წააგო შვედეთთან და ეს არ იყო პრობლემა. იქნებ, თქვენ, როგორც ჟურნალისტებს ჩვენს წინააღმდეგ გაქვთ პრობლემები. ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ვიღებ. კორონავირუსის და ტრავმების პრობლემები ადრე გვქონდა, მაგრამ ახლა არანაირი პრობლემა არ არსებობს. მთავარი არ არის მწვრთნელის მომავალი, არამედ კოსოვოს, რომელსაც ნამდვილად აქვს ნათელი და დიდი მომავალი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ხუთი წლის განმავლობაში რაღაცების მიღწევა შეუძლებელია. მწვრთნელის მიმართ კრიტიკაც უნდა იყოს, მაგრამ არა გადაჭარბებული.

ლირიმ კასტრატი სათამაშოდ მზადაა, მას ტრავმა აღარ აწუხებს და გუნდთან ერთად. ჩვენ კარგი თავდამსხმელები გვაყვს და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ კარგად ვითამაშებთ. ყოველთვის ვცდილობთ შეტევაში ვითამაშოთ, ეს არის ჩვენი სტილი.

უნდა ვაღიარო, რომ შვედეთთან არ ვიყავი გუნდის თამაშით კმაყოფილი, მონდომება გვაკლდა, მაგრამ ყველაფერი გავაანალიზეთ და ვესაუბრე ფეხბურთელებს. ამიტომაც, ველოდებით, რომ საქართველოსთან მნიშვნელოვნად უკეთესი თამაში გვექნება. ჩვენი მიზანია ერთა ლიგისთვის, რომელიც მომდევნო წელს გაიმართება, კარგად მოვემზადოთ“, - თქვა შალანდმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 6 მატჩში 1 ქულა აქვს, ხოლო კოსოვოს - 4. ამ გუნდების შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113974