ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ უეფა გააკრიტიკა. მისი გაბრაზება გადატვირთულმა კალენდარმა გამოიწვია და თქვა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ფეხბურთელების ნაცვლად მხოლოდ საკუთარ ჯიბესა და ფულზე ფიქრობს.
„უეფა მხოლოდ ფულზე ფიქრობს, ჩვენ კი რობოტები არ ვართ. ისინი ჩვენზე, ფეხბურთელებზე არ ნერვიულობენ, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ. ამ ტურნირში (ერთა ლიგა) მხოლოდ იმიტომ ვმონაწილეობთ, რომ უეფამ მეტი ფული გამოიმუშავოს, იგივე ეხება კონფერენს ლიგასაც. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გაბრაზებულია, რადგან ზოგიერთ გუნდს სუპერლიგა სურს, მაგრამ მათ ფეხბურთელები არ აინტერესებთ. ასეთი უწყვეტი თამაში ტრავმებს იწვევს და ეს საკითხი უნდა გადაიხედოს. ჩვენ რობოტები არ ვართ, მატჩების რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ჩვენზე არავინ ზრუნავს. სამკვირიანი შვებულება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ 12 თვე მაღალ დონეზე ითამაშო. თუ არ ვიტყვით, რომ ეს უკვე მეტისმეტია, ყოველთვის ასე გაგრძელდება“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ბელგიელმა მეკარემ საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ღიად თქვა, იტალიასთან თამაშს აზრი არ აქვს და ერთა ლიგის მესამე ადგილი არავის არაფერში სჭირდებაო.