ბერძნულ-რომაული მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა იაკობ ქაჯაიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კომენტარი გააკეთა. ქართველი ფალავანი მიღწეული შედეგით კმაყოფილი არაა და როგორც აღნიშნა, მსოფლიოს ჩემპიონატზე სხვა შედეგისთვის იყო ჩასული.
„მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, ნაკრების თითოეულ მწვრთნელს და ექიმს. უბრალოდ, გულდაწყვეტილი ვარ, იმიტომ, რომ მწვრთნელების და ჩემი თავის იმედები ბოლომდე ვერ გავამართლე. რომ გითხრათ, რომ ძალიან მოხარული ვარ ბრინჯაოს მედლით, ასე არაა. მედალია და რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მაგრამ აქ სულ სხვა რამისთვის ვიყავი ჩამოსული. არ წავიდა ყველაფერი ისე, როგორც საჭირო იყო, ყველაფერი ღმერთის ნებაა და მადლობა უფალს“, - თქვა ქაჯაიამ.
შეგახსენებთ, იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ფინალში ლეგენდარულ კუბელ ლოპეს ნუნიესთან წააგო, რომელიც ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ასპარეზობდა.