ჭიდაობა

22:08 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

იაკობ ქაჯაიას ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლერი აბულაძე ფინალში იჭიდავებს

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა. იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაოს დაუფლება მოახერხა, ხოლო გარდა ამისა, ლერი აბულაძე ფინალში გავიდა და კვირას ოქროსთვის იბრძოლებს.

130 კგ წონით კატეგორიასი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი იაკობ ქაჯაია ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან ნახევარფინალამდე ამერიკელი მაიკლ შულცი 5:3 და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ბექა კანდელაკი 5:1 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურთან 1:2 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ქაჯაიამ თურქი ოსმან ილდირიმი 2:1 დაამარცხა და საქართველოს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მედალი მოუტანა.

63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძემ ყაზახი სულტან ასეტული 5:4 და იაპონელი კენსუკე შიმიზუ 5:4 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა. ლერი ფინალის საგზურისთვის უნგრელ ერიკ ტორბას დაეჭიდა, რომელსაც იოლად, 7:1 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. კვირას, მისი მეტოქე ირანელი მეისამ კარამალი დალხანი იქნება.

67 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა რამაზ ზოიძეს, რომელმაც იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოები 11:2 და სერბი სებასტიან ნადი 8:1 დაამარცხა, ნახევარფინალში მისი მეტოქე ირანელი მოჰამადრეზა აბდოლჰამიდ გერაეი იყო, რომელთანაც ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 6:7 დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟის გამარჯვებულს დაეჭიდება.

87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი 11:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სერბეთის სახელით მოასპარეზე, საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან ზურაბ დათუნაშვილს დაუპირისპირდა. გობაძემ დათუნაშვილთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო და ოქროსთვის ბრძოლას სერბეთის სახელით ზურაბი აგრძელებს, რომელიც ფინალში გავიდა და გობაძე რეპეჟაშში გაიყოლა. ლაშა რეპეშაჟის პირველ წრეში რუს მილად ალირზაევს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

რეპეშაჟში იასპარეზა ირაკლი ძიმისტარიშვილმა, რომელმაც 60 კგ წონით კატეგორიაში ლიეტუველ იუსტას პეტრავიჩუსს 4:2 მოუგო, მეოთხედფინალში კი ყირგიზ ჟოლამან შარშენბეკოვთან 2:5 წააგო, მაგრამ ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა ძიმისტარიშვილი რეპეშაჟის პირველ წრეში ბელარუს მაქსიმ კაჟარსკის გაეჯიბრა, თუმცა, 1:4 დამარცხდა და მედლისთვის ვეღარ იბრძოლა. იგივე შანსი ჰქონდა გიორგი მელიას (97 კგ), რომელმაც ჯერ ყაზახ იერულან ისკაკოვს 4:0 მოუგო, შემდეგ პოლონელი სიპრიან კურნიჩაკი 3:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ირანელ მოჰამადჰადი სარავისთან 1:9 წააგო, რომელიც ფინალში გავიდა. რეპეშაჟის პირველ წრეში გიორგი რუსეთის წარმომადგენელ არტურ სარგსიანს შეხვდა და 0:5 დამარცხდა, შედეგად, მედლის შანსი დაკარგა.

აქვე გეტყვით, რომ შაბათს, ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი იყო. ამრიგად, საქართველოს ნაკრების მონაგარი ამ დროისთვის 2 ბრინჯაოს მედალია, ერთი მოჭიდავე ფინალშია და ორიც ბრინჯაოსთვის იბრძვის.

0.121282