საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთის ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს მონდომება აკლია და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
„მატჩის საწყისი 25 წუთით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, აგრესია, მონდომება და თავდადება გვაკლდა. ყოველთვის ვამბობ, რომ მხოლოდ ტექნიკა და ნიჭი საკმარისი არაა. საჭიროა მონდომება და თავდადება. საკმარისი არ არის, კონკრეტულ მომენტებში დახარჯვა, ეს 90 წუთი უნდა ხდებოდეს. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და იმედი მაქვს, რომ ამას ისწავლიან. ოქრიაშვილი თამაშში კარგად ჩაერთო, ყველა ფეხბურთელის თამაშით კი კმაყოფილი არ ვარ.
ოქრიაშვილის მოედანზე გამოსვლა დაგვეხმარა, ის კარგად ჩაერთო თამაშში, ერთი-ერთზე უფრო ხშირად ცდილობდა თამაშს, რაც პირველ ტაიმში არ ხდებოდა. საბერძნეთის, კოსოვოს, ესპანეთის თუ ანდორას წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის მაქსიმუმის გაღებაა საჭირო. დღეს მოედანზე ბევრი შემტევი ფეხბურთელი იყო.
მარტის და ივნისის მატჩები სრულიად განსხვავებული იყო, ვიდრე ბოლო პერიოდის. ეს ნიშნავს, რომ თამაში შეგვიძლია, მაგრამ ბოლო მატჩებში რაღაც გვაკლდა და ჩემი აზრით, ეს არის მონდომება. ვფიქრობ, ამ თამაშშიც იყო დადებითი ნიშნები, მაგრამ გარკვეულწილად არ გაგვიმართლა და ბოლოს პენალტით გოლი გავუშვით, ასეთია ფეხბურთი. მცირე შეცდომები მატჩზე გავლენას ახდენენ, როგორც მოახდინა ესპანეთთან და შვედეთთანაც. რასაკვირველია, ეს არ მორალურად კარგად არ მოქმედებს გუნდზე. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები ბოლომდე 90 წუთი უნდა დაიხარჯონ. მაგალითად, ლიონელ მესის შეუძლია ყოველთვის არ ირბინოს, მაგრამ სხვა უნარებით მატჩის ბედს გადაწყვეტს. ჩვენ ასეთი ფეხბურთელი არ გვყავს და ყოველთვის ვეუბნები, რომ მათ, რომ საჭიროა ბოლომდე დახარჯვა.
რომელი დადებითი ნიშნები დავინახე? ოქრიაშვილი კარგად ჩაერთო, საბა ლობჟანიძე ძალიან მონდომებული იყო. მაგალითად, დაცვაში უფრო ორგანიზებულად ვითამაშეთ, ვიდრე წინა შეხვედრებში. კვეკვესკირის უთამაშებლობა? გადაწყვეტილებებს ვიღებ ვარჯიშებზე ნანახით და იქედან გამომდინარე, რასაც ფეხბურთელები კლუბში აჩვენებენ. ამ თემაზე ბევრი დისკუსია შეიძლება, ყველას თავისი აზრი გააჩნია.
გიორგი აბურჯანიას ნდობა? მას იმაზე მეტად არ ვენდობი, ვიდრე სხვებს. მართალია, კლუბში არ აქვს სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ მან მარტიდან მოყოლებული ნაკრებში საკმაოდ სტაბილურად ითამაშა და ვფიქრობ, დაიმსხურა ნდობა. თუმცა, ახლო მომავალში კლუბში სათამაშო პრაქტიკა უნდა მიიღოს. იგივე ეხება გურამ გიორბელიძეს, სხვა შემთხვევაში მათ მაღალ დონეზე თამაში და მათი ნაკრებში გამოძახება გამიჭირდება“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 6 თამაშში ერთი ქულა აქვს მოპოვებული და D ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას სამ დღეში, 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.