ჭიდაობა

16:24 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ლერი აბულაძე და რამაზ ზოიძე ნახევარფინალში იჭიდავებენ

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი, ლერი აბულაძე და რამაზ ზოიძე ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებენ, ხოლო ლაშა გობაძემ მეოთხედფინალში ზურაბ დათუნაშვილთან მარცხი განიცადა.

63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძემ ყაზახი სულტან ასეტული 5:4 და იაპონელი კენსუკე შიმიზუ 5:4 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა. ლერი ფინალის საგზურისთვის უნგრელ ერიკ ტორბას დაეჭიდება.

67 კგ წონით კატეგორიაში ასევე ნახევარფინალში იჭიდავებს რამაზ ზოიძე, რომელმაც იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოები 11:2 და სერბი სებასტიან ნადი 8:1 დაამარცხა, ნახევარფინალში მისი მეტოქე ირანელი მოჰამადრეზა აბდოლჰამიდ გერაეი იქნება. ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი 11:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სერბეთის სახელით მოასპარეზე, საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან ზურაბ დათუნაშვილს დაუპირისპირდა. გობაძემ დათუნაშვილთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო და ოქროსთვის ბრძოლას სერბეთის სახელით ზურაბი აგრძელებს.

რეპეშაჟში იასპარეზა ირაკლი ძიმისტარიშვილმა, რომელმაც 60 კგ წონით კატეგორიაში ლიეტუველ იუსტას პეტრავიჩუსს 4:2 მოუგო, მეოთხედფინალში კი ყირგიზ ჟოლამან შარშენბეკოვთან 2:5 წააგო, მაგრამ ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა ძიმისტარიშვილი რეპეშაჟის პირველ წრეში ბელარუს მაქსიმ კაჟარსკის გაეჯიბრა, თუმცა, 1:4 დამარცხდა და მედლისთვის ვეღარ იბრძოლა. იგივე შანსი ჰქონდა გიორგი მელიას (97 კგ), რომელმაც ჯერ ყაზახ იერულან ისკაკოვს 4:0 მოუგო, შემდეგ პოლონელი სიპრიან კურნიჩაკი 3:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ირანელ მოჰამადჰადი სარავისთან 1:9 წააგო, რომელიც ფინალში გავიდა. რეპეშაჟის პირველ წრეში გიორგი რუსეთის წარმომადგენელ არტურ სარგსიანს შეხვდა და 0:5 დამარცხდა, შედეგად, მედლის შანსი დაკარგა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი იაკობ ქაჯაია, ხოლო ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.124958