კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რონალდ კუმანს ენდობა და მის გათავისუფლებას არ აპირებს.
როგორც „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, მან სიტუაცია შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ კუმანს ნდობა გამოუცხადოს.
„ყველა, მათ შორის, ჩვენც იმედგაცრუებულები ვართ. როგორც პრეზიდენტმა ყველაფერი შევაფასე, მოვუსმინე ადამიანებს, რომელთაც ვენდობი და მივედი დასკვნამდე, რომ კუმანს ვენდო, როგორც ეს რაიკაარდთან გავაკეთე. ის ჩვენსავით კულეა, „ბარსა“ უყვარს და ამ კლუბის ლეგენდაა.
ჩავი? მასთან ხშირად ვსაუბრობ, ჩვენ მეგობრები ვართ, ასევე ხშირად ველაპარაკები პეპს. კუმანი ჩვენი მწვრთნელია და მისით ვამაყობთ. ლუის ენრიკე? ვიმეორებ, მე კუმანის გვერდით ვარ და სხვა სახელებზე საუბარი კორექტული არ არის“, - უთხრა ლაპორტამ RAC1-ს.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ორ ტურში 0 ქულა აქვს, ხოლო ლა ლიგაში ბოლო ტურის მატჩი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ უშანსოდ წააგო.