ჩოგბურთი

23:58 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლაისტერსი ინდიან ველსს პირველივე წრეში გამოეთიშა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბელგიელი კიმ კლაისტერსი ინდიან ველსს, რომელზეც უაილდ ქარდით მიიწვიეს, პირველივე წრეში გამოეთიშა. ის ჩეხ კატარინა სინიაკოვასთან 6-1, 2-6, 6-2 დამარცხდა. 38 წლის ჩოგბურთელისთვის ეს ზედიზედ მეხუთე მარცხია მას შემდეგ, რაც ჩოგბურთს მეორედ დაუბრუნდა.

კლაისტერსმა შარშან ოქტომბერში მუხლის ოპერაცია გაიკეთა. მას შემდგ პირველად, მან წინა კვირაში ჩიკაგოს ტურნირზე იასპარეზა და იქაც პირველივე წრეში, ტაივანელ ჰსიჰ სუ-ვეისთან წააგო.

„ჩიკაგოში კარგად დავიწყე, მაგრამ რამდენიმე გეიმში რიტმიდან ამოვვარდი. აქაც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი. რიტმში შესვლა ვერ მოვახერხე. მეორე სეტში თითქოს გამომივიდა, სტაბილურობას ვერ მივაღწიე. ეს პროცესის ნაწილია. დაბრუნება იოლი ვერ იქნება. ყველაფრის გამოსწორებას თანდათან ვეცდები“, - ამბობს კლაისტერსი.

თამაშის დასაწყისში, სინიაკოვა 3-0 დაწინაურდა და სეტის მოგება არც გასჭირვებია. მეორე სეტში, დიდი სლემის ოთხი ტიტულის მფლობელმა შეძლო თამაშის სადავეების ხელში აღება და სეტებში ანგარიში საკმაოდ იოლად გაათანაბრა.

მესამე სეტში გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე გეიმი, რომელშიც გეიმ პოინტზე, კლაისტერსმა ფორჰენდი (წაღმა დარტყმა) უხეიროდ შეასრულა. აქედან მოყოლებული, სინიაკოვა კვლავ დაეუფლა უპირატესობას და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

0.140208