საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ბელგიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან „იუვენტუსის“ სტადიონზე ითამაშა, რომელიც მისთვის ძალიან ნაცნობია და იტალიელი ჟურნალისტების კითხვაც ნაწილობრივ „იუვეში“ შესაძლო დაბრუნებას ეხებოდა, რაც მან არ გამორიცხა.
„ყოველთვის ვესაუბრები ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს „იუვენტუსში“, მაგრამ ახლა „მანჩესტერში“ ვარ, ერთი წელი კიდევ მაქვს კონტრაქტი და მინდა, სეზონი, რაც შეძლება კარგად დავასრულოთ, შემდეგ კი ვნახოთ. თუმცა, ტურინში თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ.
ბელგიასთან გამარჯვება? კარგად დავიწყეთ, შემდეგ მოვეშვით და ორი გოლი გავუშვით. მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში იყო და კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით. პატივისცემა ჩვენს მეტოქეს, რომელმაც ასეთ მატჩში წააგო. თანავუგრძნობ ბელგიის ნაკრების, ასეთი წაგების მიღება ძალიან რთულია, მაშინვე გამახსენდა ჩვენი მარცხი შვეიცარიის ნაკრებთან“, - თქვა პოგბამ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის ფინალში 10 ოქტომბერს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პოლ პოგბას კი „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.