მადრიდის „რეალი“ ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ლიდერით, ფედერიკო კიეზათი დაინტერესდა. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Todofichajes-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, მადრიდელები კიეზას კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის ალტერნატივად განიხილავენ. „სამეფო კლუბი“ ფრანგი და ნორვეგიელი შემტევების შეძენას ერთად თუ ვერ მოახერხებს, მაშინ აქცენტს 23 წლის იტალიელ ფეხბურთელზე გააკეთებენ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულში „იუვენტუსმა“ კიეზას გაყიდვაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსი“ და „ლივერპული“ მასში 100 მილიონ ევროზე მეტს იხდიდნენ. ტურინელები თავიანთი მომავლის აშენებას კიეზას გარშემო აპირებენ და მოსალოდნელია, რომ „რეალის“ შეთავაზებასაც უარყოფენ.
ფედერიკო კიეზამ „იუვენტუსში“ 50 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. მან ევრო 2020-ზეც შესანიშნავად ითამაშა და იტალიის ნაკრების ჩემპიონობაში ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური წვლილი შეიტანა.