ჭიდაობა

17:06 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: წარუმატებელი დღე მსოფლიოს ჩემპიონატზე

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე 4 ქართველი გავიდა და ყველამ წარუმატებლად იასპარეზა.

55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ პირველივე შეხვედრა წააგო რუსეთის სახელით მოასპარეზე ემინ სეფერშაევთან (2:3) და თუ რუსი ფინალში გავა, ამ შემთხვევაში ნუგზარს რეპეშაჟის შანსი მიეცემა.

72 კგ წონით კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძემ თავიდანვე მარცხი განიცადა აზერბაიჯანელ ულვუ განიზადესთან (3:4), რომელიც შემდეგ მეოთხედფინალში დამარცხდა და ჩვენებურმა მედლის შანსი დაკარგა.

77 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ კვალიფიკაციის შეხვედრა მოუგო ბრაზილიელ ჟოილსონ რამოს ჟუნიორს (5:0), მაგრამ შემდეგ ირანელ მოჰამადალი აბდოლჰამიდ გერაეისთან 1:6 წააგო. თავის მხრივ, ირანელი მეოთხედფინალში დამარცხდა და გელამ ასპარეზობა დაასრულა.

82 კგ წონით კატეგორიაში აივენგო რიკაძემ პირველივე წრეში გერმანელ ჰანეს ვაგნერთან 3:4 წააგო, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველიც რეპეშაჟის მიღმა დარჩა.

ამრიგად, პირველი საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის ძალზე წარუმატებელი გამოდგა, ხოლო ასპარეზობაში უახლოესი ორი დღის განმავლობაში კიდევ ექვსი ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109255