ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბედნიერია ფინალში გასვლით და ესპანეთს ყოველთვის სურს თავისი თამაშის ჩვენება, იმის მიუხედავად, ვის წინააღმდეგ თამაშობს.
„ძალიან კარგი მატჩი იყო, ორმა გუნდმა თავიანთი საუკეთესო ფეხბურთი აჩვენეს. ბედნიერები ვართ, იტალია ყოველთვის ძლიერი მეტოქეა. ჩვენ ყოველთვის გვსურს ჩვენი თამაშის იდეის ჩვენება ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ, ყოველთვის სწორი დამოკიდებულებით. ესპანეთის ნაკრებში თამაში 40-50 ფეხბურთელს შეუძლია.
გავი? მე უკვე ვთქვი, რომ ის უნიკალური ფეხბურთელია, ისე თამაშობს, თითქოს თავისი სახლის ეზოშია. არაჩვეულებრივი თვისებები აქვს, არადამიანური და მისი დებიუტი შესანიშნავი იყო. ის ეროვნული ნაკრების აწმყო და მომავალია. ვერატი მისი კერპია და მის წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა. კმაყოფილი ვარ თამაშით და ფინალში გასვლით.
ესპანეთის ჰიმნზე სტვენა? მართალია, მაგრამ მე დავინახე იტალიელი ფეხბურთელები, რომლებიც ფანებს მოუწოდობდნენ, ამის გაკეთება შეეწყვიტათ. ჩვენს ნაკრებებს შორის ყოველთვის იყო პატივისცემა და მინდა ვთქვა, რომ სასიამოვნოა იტალიის ჰიმნით თამაშის დაწყება“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ფინალში 10 ოქტომბერს, ბელგიისა და საფრანგეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.