ფეხბურთი

2:26 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "მარცხი გაგვაძლიერებს, დონარუმა? ეს არ იყო "მილანი" - პსჟ-ს მატჩი"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებთან (1:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს წაგება „სკუადრა აძურას“ გააძლიერებს და ასევე ისაუბრა ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ, რომელსაც „სან სიროს“ სტადიონზე უსტვენდნენ.

„მატჩები ასეთია, ზოგჯერ გარკვეული ეპიზოდები მასზე გავლენას ახდენს. პირველი ტაიმი შეიძლებოდა 1:1 დასრულებულიყო. სამწუხაროა, რომ ასე წავაგეთ, მაგრამ ეს მარცხი დიდ მორალურ ძალას გვაძლევს.

ესპანეთმა შესანიშნავად ითამაშა, თუმცა დავუშვით შეცდომა, რომლის საფასურის გადახდა ამ დონეზე გიწევს. ბონუჩის გაძევება? მომენტი არ მინახავს, მაგრამ ლეო ყურადღებით უნდა ყოფილიყო პირველ ყვითელ ბარათზე. მას პროტესტი არ უნდა გამოეთქვა. მეორე ტაიმში ჩვენ ძალიან კარგები ვიყავით, რადგან რიცხობრივ უმცირესობაში გოლი არ გავუშვით და ერთი გავიტანეთ კიდეც.

სტვენა დონარუმას მისამართით? რა თქმა უნდა, არ მოგვეწონა, მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ეს მოხდა. სამწუხაროა, რადგან იტალია თამაშობდა და ეს არ იყო საკლუბო მატჩი. შესაძლებელი იყო მათ ეს სიტუაცია ერთი დღით გადაედოთ და დონარუმასთვის „მილანი“ - პსჟ-ს მატჩში დაესტვინათ. იტალია, იტალიაა და ყველაზე მნიშვნელოვანია“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, 2018 წლის 10 სექტემბრის შემდეგ „სკუადრა აძურა“ პირველად დამარცხდა. სხვათა შორის, რობერტო მანჩინის მწვრთნელობის პერიოდში იტალიამ ერთ თამაშში მხოლოდ მეორედ გაუშვა ერთ გოლზე მეტი (პირველად 2018 წლის მაისში საფრანგეთთან). ვთქვათ ისიც, რომ იტალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ოფიციალური თამაში 1999 წლის შემდეგ პირველად წააგო (მაშინ ნეაპოლში დანიასთან 2:3).

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია და 10 სექტემბერს მილანში, ბელგიას ან საფრანგეთს შეხვდება, ხოლო იტალია იმავე დღეს მესამე ადგილისთვის მეორე ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

0.113235