მილანი-ტურინის ერთდღიანი რბოლა პრიმოჟ როგლიჩის გამარჯვებით დასრულდა. სლოვენიელმა საფინიშო სპრინტში აჯობა ბრიტანელ ადამ იეიტსს, ვისთან ერთადაც, უფრო ადრე, მდევართა ჯგუფი ჩამოიტოვა. მესამე ადგილი კი პორტუგალიელმა ჟოაუ ალმეიდამ დაიკავა, რომელმაც ფინიშთან სლოვენიელ ტადეი პოგაჩარს მისწრო.
190-კილომეტრიანი დისტანციის ბოლო აღმართზე იეიტსმა (ინეოს გრენადერსი) გადამწყვეტი შეტევა დაიწყო. ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონმა პოგაჩარმა (UAE ტიმ ემირატსი) ტემპს ვერ გაუძლო და ჩამორჩა. ბრიტანელის გაყოლა მხოლოდ როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა) შეძლო, რომელმაც ფინიშამდე 200 მეტრით ადრე, ტემპს კიდევ უფრო უმატა და ხაზთან მეტოქე 12 წამით ჩამოიტოვა.
„წინასწარ ვერასდროს იტყვი, ფინალური შეტევისთვის, ფეხებში რამდენი ძალა გაქვს შემორჩენილი. ეს ხან გამოგდის, ხან ვერა. დღეს ძალა დარჩენილი მქონდა. მას (იეიტსს) გავყევი და ბოლოს გავასწარი კიდეც“, - განაცხადა ვუელტას სამგზის ჩემპიონმა როგლიჩმა, ვინც რამდენიმე დღით ადრე, ჯირო დელ’ემილია მოიგო. და მაშინაც მან რბოლის მიწურულს გაიბრწყინა.
ალმეიდა (დესონინკ-ქვიკ-სტეპი) გამარჯვებულს 35 წამით ჩამორჩა. მან პოგაჩარს დაძაბულ პაექრობაში აჯობა.