ესპანური და მსოფლიო კალათბურთის ლეგენდამ, პაუ გასოლმა კარიერა დაასრულა. მან ეს გადაწყვეტილება 41 წლის ასაკში მიიღო. გასოლმა კალათბურთიდან წასვლის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სპეციალურად ამისთვის გამართა.
„კალათბურთიდან მივდივარ. ეს არის რთული, მაგრამ ამასთან გააზრებული გადაწყვეტილება. მოვიგე ტიტულები და მედლები, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ამ საქმეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვაკეთებდი. მოთამაშის კარიერა სრულდება, მაგრამ ახალი გზები იხსნება და დარწმუნებული ვარ, მომეცემა შანსი მნიშვნელოვან რამ გავაკეთო.
ძალიან მინდა, რომ აქ კობი ბრაიანტი ყოფილიყო. ცხოვრება ნამდვილად უსამართლოა. კობი ყველას ძალიან გვენატრება, ისევე როგორც მისი შვილი ჯიჯი. მან მასწავვლა როგორ ვყოფილიყავი უკეთესი ლიდერი და რას ნიშნავს იყო გამარჯვებული. ის ჩემი უფროსი ძმაა“, - თქვა გასოლმა.
პაუ გასოლის დიდებული კარიერა 1998 წელს „ბარსელონაში“ დაიწყო, ხოლო 2001 წლიდან NBA-ში გადაინაცვლა, სადაც „მემფისის“, „ლეიკერსის“, „ჩიკაგოს“, „სან ანტონიოს“ და „მილუოკის“ შემადგენლობაში ითამაშა. 2009 და 2010 წლებში „ლეიკერსის“ მაისურით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ექვსჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში.
ესპანეთის ნაკრებში გასოლი სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და ერთხელ მსოფლიოს. გარდა ამისა, სამ ოლიმპიურ მედალს ფლობს - ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.