ფეხბურთი

2:22 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება და სკუდეტოსკენ მიმართული "მილანი"

„ნაპოლი“ და „მილანი“ იტალიის სერია A-ში საჩემპიონო ტემპით თამაშობენ და შემთხვევითი არ არის, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში 7 ტურის შემდეგ ეს გუნდები არიან მოკალათებული.

„ნაპოლი“ საერთოდაც უდანაკარგოა და ტოპ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ასეთი შედეგი აქვს. ლუჩანო სპალეტის გუნდმა შუა კვირაში მოსკოვის „სპარტაკთან“ სამარცხვინო მარცხი განიცადა, მაგრამ ეს გუნდი იტალიის ჩემპიონატში სრულიად განსხვავებულად თამაშობს. „ნაპოლი“ ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“ აგებდა, მაგრამ ჯერ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში წინაც გავიდა და მერე საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. 7-დან 7 და პირველი ადგილი! „ნაპოლი“ სანაკრებო პაუზაზე დიდებულ ხასიათზე გავიდა.

არანაკლებ ეფექტურია „მილანი“, რომელიც ევროთასებზე „ნაპოლის“ დარად წარუმატებლად თამაშობს, მაგრამ შიდა ასპარეზზე შეუდარებელია. „როსონერიმ“ ბერგამოში „ატალანტას“ მოუგო, რაც ადვილი საქმე სულაც არ არის. სტეფანო პიოლის გუნდი პირველივე წუთზე დაწინაურდა დავიდე კალაბრიას გოლით, ხოლო ტაიმის ბოლოს სანდრო ტონალიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. მერე იყო რაფაელ ლეაოს გოლი და ყველაფერი გადაწყდა. „ატალანტამ“ ბოლომდე იბრძოლა, ბოლოს ორი გოლი გაქვითა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. „მილანმა“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ „იუვენტუსთან“ დაკარგა ქულები, ლიდერ „ნაპოლის“ 2 ქულით ჩამორჩება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გუნდი სკუდეტოს ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. სხვათა შორის, მატჩის შემდეგ ჯან პიერო გასპერინიმ თქვა, რომ სერია A-ში „მილანივით“ გამართული გუნდი არ არის, რაც ბევრ რამეზე მიანიშნებს და ალბათ სიმართლეცაა.

სამქულიან ეპოქაში „მილანს“ 7 ტურის შემდეგ 19 ქულა ერთადერთხელ, 2003-2004 წლების სეზონში ჰქონდა და მაშინ სკუდეტო მოიგო. ვნახოთ, რას მოახერხებს სტეფანო პიოლის გუნდი...

მეშვიდე ტურში „რომამ“ „ემპოლის“ დამაჯერებლად 2:0 მოუგო და რომაულ დერბიში განცდილი მარცხი დაივიწყა, რომ „ლაციომ“ დერბის მოგების შემდეგ „ბოლონიასთან“ უშანსოდ, 0:3 წააგო და ხასიათი გაიფუჭა. იტალიის სერია A-ში ახლა ორკვირიანი პაუზა დაიწყო, რადგან ახლა სანაკრებო მატჩების ჯერია.

„ბოლონია“ – „ლაციო“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბაროუ (14), 2:0 ტეატე (17), 3:0 ჰიკი (68)

„ვერონა“ – „სპეცია“ 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 სიმეონე (4), 2:0 ფარაონი (15), 3:0 კაპრარი (42), 4:0 ბესა (71)

„სამპდორია“ – „უდინეზე“ 3:3 (1:2)

გოლები: 0:1 პერეირა (15), 1:1 ლარსენი (24, ა.გ), 1:2 ბეტო (43), 2:2 კუალიარელა (48, პენ), 3:2 კანდრევა (69), 3:3 ფორესტიერი (82)

„ფიორენტინა“ – „ნაპოლი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 მარტინეს კუარტა (28), 1:1 ლოსანო (39), 1:2 რაჰმანი (50)

„რომა“ – „ემპოლი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პელეგრინი (42), 2:0 მხითარიანი (48)

„ატალანტა“ – „მილანი“ 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 კალაბრია (1), 0:2 ტონალი (43), 0:3 ლეაო (78), 1:3 ძაპატა (86), 2:3 პაშალიჩი (90)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.183035