სხვა

2:23 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელმა კოლბრელიმ პარიზი-რუბეს ურთულესი რბოლა მოიგო

პარიზი-რუბეს კლასიკური რბოლა, რომელსაც 2002 წლიდან, ჩრდილოეთის ჯოჯოხეთსაც უწოდებენ და რომელიც ურთულეს მეტეო პირობებში ჩატარდა, იტალიელმა სონი კოლბრელიმ მოიგო. ეს ბოლო 22 წელიწადში პირველი შემთხვევაა, როცა ქვეფენილის რბოლას იტალიელი ველომრბოლი იგებს. კოლბრელიმ გამარჯვება საფინიშო სპრინტში მოიპოვა.

რებოლის დისტანცია 257.7 კილომეტრი იყო და მასზე 30 ქვაფენილიანი სექტორი იყო გასავლელი. სიტუაციას ძლიერი წვიმა ართულებდა. გრუნტიან ადგილებში გავლისას, ველომრბოლები ტალახის შხეფებში ამოიგანგლნენ და მათ არც მაისურის წარწერები ეტყობოდათ და სახეც სულ ტალახით ჰქონდათ მოსვრილი.

სპრინტში გამარჯვების შემდეგ, კოლბრელი (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) რუბეს ველოდრომის ბალახზე გაგორდა და ტირილი დაიწყო. სპრინტში მან ბელგიელ ფლორიან ვერმეერშს (ლოტო სუდალი) და ჰოლანდიელ ფავორიტ მატიო ვან დერ პოელს (ალპესინ-ფენიქსი) აჯობა, რომლებმაც შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა იტალიელი ჯანი მოსკონი (ინეოს გრენადერსი), ვინც კარგა ხანს რბოლას ლიდერობდა და მოგების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ საბურავი დაუზიანდა და მდევართა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ვან დერ პოელი ედგა, დაწევა შეძლო.

აღსანიშნავია, რომ კოლბრელიმდე ბოლოს იტალიელმა პარიზი-რუბე 1999 წელს მოიგო და ეს ანდრეა ტაფიმ შეძლო.

„სუპერ სპრინტი მქონდა. ბოლოს გაძლების ზღვარზე ვიყავი. ეს ძალიან ძნელი რბოლა იყო. პირველივე სექტორებიდანვე ბევრი ავარია იყო და მთავარი ყურადღება იმაზე მქონდა გადატანილი, რომ შეცდომა არ დამეშვა. ეს წელი ჩემი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა კოლბრელიმ.

ვან დერ პოელმა თავისი მამის, ადრი ვან დერ პოელის მიღწევა გაიმეორა, ვინც პარიზი-რუბეს კვარცხლბეკზე 1986 წელს ავიდა.

0.134352