ჭიდაობა

22:48 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოჭიდავე ფინალში გავიდა, იქ იგებდა, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონობა ვერ მოახერხა.

125 კგ წონით კატეგორიაში პეტრიაშვილმა ასპარეზობა მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტურთან ძალიან იოლად 11:1 მოიგო, მეოთხედფინალში კი ავსტრიელ იოჰანეს ლუდეშერთან 5:0 იმარჯვა და ნახევარფინალში ყაზახ ოლეგ ბოლტინს დაუპირისპირდა, რომელსაც 10:0 მოუგო და ფინალში ასე გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს გაეჯიბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში დაამარცხა. თუმცა, ამჯერად ირანელი გაცილებით კარგად გამოვიდა ხალიჩაზე. პეტრიაშვილი თავიდან 2:0 დაწინაურდა, მაგრამ სამწუხაროდ, შემდეგ ზარემ ზედიზედ 9 ქულა მიითვალა, 9:2 იმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ქართველი ფალავანი ვერცხლის მედალს დასჯერდა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა, ვერც ზედიზედ მეოთხედ მოიგო ეს ტიტული. ამრიგად, მან ოლიმპიადის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერცხლის მედალი მოიპოვა, კარიერაში პირველად. გენოს აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.

74 კგ წონით კატეგორიაში მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ავთანდილ კენჭაძეს, რომელმაც ჯერ კიდევ შაბათს გერმანელი ოსმან კუბილაი ჩაკიჩი 11:0, იაპონელი მასაკი სატო 13:2 და ირანელი იონეს ალიაკბარ ემამიჩოგაეი 10:1 დაამარცხა, მაგრამ სამწუხაროდ ნახევარფინალში სლოვაკეთის წარმომადგენელ ტაიმურაზ სალკაზანოვთან 0:5 წააგო და დღეს ბრინჯაოს მედლისთვის გავიდა ხალიჩაზე, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ტიმურ ბიჟოევთან 6:8 წააგო და უმედლოდ დარჩა.

79 კგ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძე ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ იქ დამარცხდა. მან ჯერ რუმინელ მაქსიმ ვასილიოლოს მოუგო 5:2, მერე კი ბერძენი გეორგიოს კუგიომციდისს 9:5 აჯობა და ნახევარფინალში ირანელ მოჰამად ასღარ ნოხოდილარიმის გაეჯიბრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში 5:6 წააგო და ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. არადა, ნიკა შეხვედრის დასრულებამდე 19 წამით ადრე იგებდა ბოლო წულების წყალობით (4:4), მაგრამ მსაჯებმა საეჭვო ვითარებაში 1 ქულა ირანელს მიანიჭეს, რამაც ბრძოლის ბედი გადაწყვიტა.

92 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი მწუთურმა იაპონელ ტაკუმა ოცუს (4:4) და ბულგარელ ახმედ ადამოვიჩ მაგამაევს (2:0), ხოლო მეოთხედფინალში ირანელ კამრან გორბან გასეპურთან 1:8 წააგო, რომელიც ფინალში გავიდა და ორშაბათს მწითური ბრინჯაოსთვის გააგრძელებს ბრძოლას. ის რეპეშაჟში უკრაინელ ანდრეი ვლასოვს შეხვდება.

გოგა ძიგუა (57 კგ) პირველივე შეხვედრაში არიან ციუტრინთან 1:11 დამარცხდა, მერე ვეღარც ბელარუსი გავიდა ფინალში და ქართველი მოჭიდავე ასპარეზობას გამოეთიშა. ედემი ბოლქვაძე (65 კგ) პოლონელ კრშიშტოფ ბიენკოვსკისთან ბოლო ქულის წესით დამარცხდა (1:1), პოლონელი ფინალს ვერ შესწვდა და ედემიც მედლის შანსის გარეშე დარჩა. აქვე შეგახსენებთ, რომ შაბათს სანდრო ამინაშვილმა და ბექა ლომთაძემ იასპარეს, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა ვერ მოახერხეს.

0.116221