ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე იუპილერ ლიგის მეათე ტურში „ანტვერპენთან“ შეხვედრაში გააძევეს.
ჩაკვეტაძემ 33-ე წუთზე მოედნის ცენტრში უწყინარ სიტუაციაში პიტერ გერკენსს შემთხვევით კოჭზე ფეხი დააბიჯა და მსაჯმა თავიდან რეაგირება არ მოახდინა, მაგრამ სიტუაციაში VAR-ი ჩაერია, რის შედეგადაც არბიტრმა გადაწყვეტილება შეცვალა და გიორგის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
არადა, ჩაკვეტაძე მცირე დაზიანების შემდეგ დაბრუნდა, რის გამოც კონფერენს ლიგის მატჩი გაუცდა, ხოლო ბელგიის ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ იყო სასტარტო შემადგენლობაში.
„გენტის“ მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაეზებრუკი მსაჯის გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა და ეს არც დაუმალავს. მიმდინარე სეზონში ქართველი ნახევარმცველის აქტივში 9 მატჩი და 2 საგოლე პასია, ის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და ვილი სანიოლის გუნდს შეუერთდება.