ბელგიის იუპილერ ლიგის მეათე ტურის მატჩი არასდროს დაავიწყდება გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც ზულტე ვარეგემთან ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ქართველი ფეხბურთელის ეს არც ამ სეზონშია პირველი ჰეთ-თრიქი და არც „სერანის“ რიგებში, მაგრამ პირველია ბელგიის იუპილერ ლიგაში.
აქამდე მას ერთ მატჩში 3 გოლი ბელგიის მეორე დივიზიონსა და ბელგიის თასზე ჰქონდა შესრულებული, ახლა უფრო მაღალ დონეზე მოაწყო ბენეფისი.
მიქაუტაძემ მერვე წუთზე პენალტი გაიტანა და ანგარიში გახსნა, 71-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და არ შემცდარა, ხოლო 81-ე წუთზე კარგად გაიხსნა და დაუცველ კარში ახლო მანძილიდან შეძლო გატანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მას შეეძლო უფრო შედეგიანი მატჩი ჰქონოდა, მაგრამ 58-ე წუთზე თამაშგარე მდგომარეობის გამო ერთი გოლი გააუქმეს.
„სერანმა“ 5:1 მოიგო და სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. შედეგად, 12 ქულა დააგროვა და 10 ტურის თავზე მე-13 საფეხურზეა, მომდევნო ტურში კი 16 ოქტომბერს, სტუმრად როიალს დაუპირისპირდება.
გიორგი მიქაუტაძე კი „სერანში“ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში - დაბრუნების შემდეგ 5 თამაშში უკვე 7 გოლი გაიტანა და ორჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა (ბელგიის ჩემპიონატში 4 თამაშში 4 გოლი და ბელგიის თასზე 1 თამაშში 3 გოლი). აქვე ვთქვათ, რომ გასულ სეზონში მან ბელგიური გუნდის მაისურით 22 გოლი გაიტანა.