რომაულ დერბიში “რომას“ მარცხის შემდეგ, როგორც იქნა “შვებით ამოისუნთქვეს“ იმ ადამიანებმა, რომლებსაც “მგლების“ პორტუგალიელი მესაჭე ჟოზე მოურინიო გულზე არ ეხატებათ და ბევრმა იმის მტკიცებაც კი დაიწყო, რომ სეუ ჟოზე დედაქალაქურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდეც კი ვერ შეინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას.
თავდაჯერებული სახით პროგნოზების კეთება ცხადია უმადური საქმეა და არც ჟოზეა იმ ყაიდის ვინმე, მისი ნაბიჯები და უახლოესი მომავალი უეჭველად რომ განვჭვრიტოთ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ცხოვრებამ პორტუგალიელს ბევრი რამ ასწავლა, ბევრი აჯახირა და როგორც ჩანს მოურინიო ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მხოლოდ სიჯიუტითა და უჯიათობით ფონს გასვლა მთლად სწორი არაა. როგორც აჩანს წლების მატებასთან ერთად, ჟოზეს ხასიათშიც მოხდა ცვლილებები.
ესპანელი სპორტული მიმომხილველი ნუგო ალვარესი მოურინიოზე მუდმივად წერდა, ამ კაცის ცხოვრებას და სამწვრთნელო ამბებს მიმოიხილავდა მუდმივად და ამიტომაც, ჟოზეს ცხოვრების ჭეშმარიტ ჟამთააღმწერლად შეგვუძლია ჩავთვალოთ. აი ასეთი საქმეში ჩახედული კაცი მიიჩნევს, რომ იტალიის დედაქალაქში გადაბარგებული პორტუგალიელი ნამეტნავად შეცვლილია და ბევრი ისეთი ფაქტორის გათვალისწინება უწევს, რასაც ადრე არასოდეს მიაქცევდა ყურადღებას. იტალიაში 11 წლის შემდეგ დაბრუნებული ჟოზე თითქმის აღარასდროს ეკამათება ჟურნალისტებს, არ დასცინის და ქილიკობს მოწინააღმდეგე გუნდზე და მოწინააღმდეგეთა ბეყერა მწვრთნელებზე, ვარჯიშებზე დედის გინებით აღარ დასდევს ზარმაც შეგირდებს და რაც ყველაზე მთავარია, “ლაციოსთან“ უპრინციპულეს მატჩში დამარცხებაში მხოლოდ სხვები და სუბიექტურიგარემოებები არ დაუდანაშაულებია.
დადასტურებულად არც სენიორ ნუგომ დ ამით უმეტეს არც მე ვიცი ჟოზე მოურინიოს ხასიათის ასეთი ცვლილებები რამდენად აისახება მის მიერ, უფრო ზუსტად კი მისი გაწვრთნილი კლუბის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე. ცხადია ყოველთვის არ იქნება “სავლეს“ “პავლედ“ გადაქცევა გამარჯვებების მომტანი და ზოგჯერ ბრუტალური სიუხეშე და გიჟური განცხადებები საჭიროცაა და აუცილებელიც (ამის მაგალითად მუდამ დინჯი და “დამჯდარი“ ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის მომენტალური გადარევებიც კმარა). თუმცა, ვერც იმაზე დავდებთ თავს, რომ არ გაამართლებს სახეშეცვლილი ჟოზეს იმიჯი. ერთი რამ ცხადია. მოურინიო ნამდვილად არაა ის კაცი, ამგვარი მკვეთრი გადაწყვეტილებები მარტივად რომ მიიღოს და არ იყოს ნაფიქრი, გააზრებული და წინასწარ განსაზღვრული.
ზოგადად ძალიან ცოტა ადამიანი ვიცი, რომლებიც მთელი მათი ცხოვრებით, შინაგანი რწმენით და ინტერესებით მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთს ეკუთვნიან. მათ შორის უდავოდაა უჟმური ჟოზე, რომელმაც მრავალგზის დაამტკიცა, რომ ფეხბურთისთვისაა დაბადებული და იგი არასოდეს დაემსგავსება მათ, რომლებიც შვებულების დროს ფეხბურთზე საუბარსაც კი კრძალავენ და ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტი დასვენება ფეხბურიდან, ანუ საქმიდან მოწყვეტაა. მოურინიოსთვის ფეხბურთი მართლაც ყველაფერია და დარწმუნებული ვარ ჟოზე სანამ ჯანზე იქნება, სანამ სამწვრთნელო სკამზე ჯდომა შეეძლება, ფეხბურთზე უარს არასოდეს იტყვის.
ამიტომაც საფიქრებელია, რომ პორტუგალიელის სახეცვლილება კარგად დაგეგმილი და გააზრებული მიზნებითაა ნაკარნახევი. ძალიან გამიკვირდება ეს ასე თუ არ იქნება. ჟოზე ტყუილად არაფერს აკეთებს და ამით ძალიან მაგონებს ცნობილ ჟოზეფ ფუშეს, რომელიც როდესაც გარდაიცვალა, პარიზში ხალხი იძახდა - ალბათ რაღაცაში დასჭირდა სიკვდილი, თორემ ეგ ტყუილად არ მოკვდებოდაო. სიკვდილი დაუბედურება შორს იყოს და აგერ ვართ ჩვენც და აგერაა ჟოზე მოურინიოც!