სხვა

4:12 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა შორის პარიზი-რუბეს პირველი რბოლა ლიზი დიგნანმა მოიგო

ქვაფენილიანი გზის გარდა, ქალთა პარიზი-რუბეს პირველი რბოლა წვიმამ, ტალახმა და უამრავმა ინციდენტმა გაართულა. მაგრამ ამ ყველაფერმა, ბრიტანელ ლიზი დიგნანს გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა რბოლის მიწურულს, მძლავრი შეტევით უკან მოიტოვა ჰოლანდიელი ფავორიტი მარიანე ფოსი და ფინიშთან მას წუთით და 17 წამით აჯობა.

„ძალიან ვამაყობ. დღევანდელი დღე უკვე ისტორიის ნაწილია. მან ქალთა ველოსპორტის აპეტიტი დაგვანახა და დაამტკიცა, რომ ქალ მრბოლებს მსოფლიოს ურთულეს შეჯიბრებში მონაწილეობა შეუძლიათ. დღეს მე გუნდის მესამე მრბოლი ვიყავი და ქვაფენილზე წინ უნდა მევლო, რათა ლიდერები დამეცვა. მაგრამ შემდეგ შანსი გაჩნდა და მე მისი გამოყენება ვცადე“, - განაცხადა დიგნანმა, ვინც შარშან კიდევ ერთი ურთულესი რბოლა, ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟი მოიგო.

დენაინის გარშემო სამი წრის გავლის შემდეგ, დიგნანმა (ტრეკ სეგაფრედო) პელოტონი ჩამოიტოვა და პირველი შეუდგა ქვაფენილის პირველ (17-დან) სექციას, რომელზეც პელოტონის მთლიანობა დაირღვა. ფინიშამდე 30 კილომეტრით ადრე, ბრიტანელმა უპირატესობა ორ წუთსა და 30 წამამდე გაზარდა. უახლოეს მდევრებს შორის იყვნენ ფოსი (ჯუმბო ვისმა), დიგნანის ფრანგი თანაგუნდელი ოდრი კორდონ-რაგო და გერმანელი ლისა ბრენაუერი (კერატიზიტი).

ქვაფენილებზე ინციდენტები გახშირდა, მაგრამ ლიდერი უპირატესობის შენარჩუნებას ახერხებდა. ბოლოს ფოსმა სცადა მისი დაწევა და ფინიშამდე 10 კილომეტრით ადრე, ჩამორჩენა წუთსა და 18 წამამდე შეამცირა. მაგრამ რუბეს ველოდრომზე შესვლის შემდეგ, დიგნანმა ფოსს დაწევის საშუალება აღარ მისცა.

ფოსი საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა, მესამეზე კი დიგნანის იტალიელი თანაგუნდელი ელისა ლონგო ბორგინი გავიდა.

ქალთა პარიზი რუბე (მამაკაცთა რბოლა უკვე 125 წელია ტარდება) პირველად შარშან უნდა გამრთულიყო, მაგრამ პანდემიის გამო, პრემიერა გადაიდო.

კვირას პარიზი-რუბეს მამაკაცთა რბოლა გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064033