კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ (0:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა თქვა, მისი გუნდი მეტს იმსახურებდა.
გარდა ამისა, ჟოან ლაპორტას გადაწყვეტილებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც კუმანს ამ ეტაპზე ნდობა გამოუცხადა.
„მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. გაშვებულ გოლებში ბევრი სივრცე დავტოვეთ და ეს მიუღებელია. ტრავმირებულები რომ გამოჯანმრთელებიან, გავძლიერდებით.
ვფიქრობ, ლაპორტა სწორად მოიქცა. ტელეფონზე ვისაუბრეთ და გუნდის პრობლემები განვიხილეთ, ისევე, როგორც ჩემი პრობლემები. კლუბს ვთხოვე საჯაროდ გაერკვია სიტუაცია მწვრთნელთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია გასახდელმა იცოდეს რა ხდება. ჩვენ „ბარსელონა“ ვართ და უნდა ვიმარჯვებდეთ. ყველა მწვრთნელი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მითუმეტეს „ბარსაში“. ლაპორტას ავუხსენი ყველაფერი, შეტევაში საკმარისი მოთამაშეები არ გვყავს.
შედეგები მნიშვნელოვანია და რწმენა ამაზეა დამოკიდებული. წინ ორკვირიანი პაუზაა და იმედიანად ვართ განწყობილი. ანსუ ფატი უკეთეს ფორმაში შედის, დემბელე და აგუეროც ახლოს არიან დაბრუნებასთან, შეტევაში ვარიანტები გვექნება - ისინი გამოცდილი ფეხბურთელები არიან. ის შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, რაც დავუშვით“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, „ბარსელონას“ ლა ლიგაში ჩატარებულ შვიდ თამაშში 12 ქულა მოიპოვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა.