ვითომ დაითხოვენ კუმანს? ამას მალე შევიტყობთ. ფაქტი კი ერთია: ეს „ბარსელონა“ „ბარსელონა“ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მესი წავიდა და თაობათა ცვლა მიმდინარეობს, ასეთი უსუსურობა მაინც ზედმეტია. ჩემპიონთა ლიგაზე მათ ორი მატჩი ითამაშეს და ორივე 0:3 წააგეს, თან ორივეში არცერთხელ დაურტყამთ კარში...
გაუგონარი ამბავია. პრიმერაშიც დღევანდელი მარცხის შემდეგ, 12 ქულით მე-9 ადგილზე დგანან.
„ატლეტიკოს“ ახალი არაფერი უჩვენებია. კლასით მოუგო. მინიმალური ძალების დახარჯვით. მადრიდელებმა პირველივე საგოლე მომენტი გამოიყენეს. ფელიშმა, სუარესმა და ლემარმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს და ფრანგმა ანგარიში გახსნა.
შესვენების წინ კი იმავე სამეულმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ოღონდ ამჯერად ასისტენტად ლემარი მოგვევლინა, ბურთი კი სუარესმა გაიტანა. ურუგვაელს გოლი არ აღუნიშნავს თავისი ყოფილი გუნდის კარში. თითებით ტელეფონი გამოსახა (გახსოვთ ალბათ, დაურეკეს და ისე გაუშვეს კატალონიური კლუბიდან). ეტყობა ეს ჟესტი კუმანს ეძღვნებოდა, რომელიც, სხვათა შორის, დასჯილი გახლდათ და ტრიბუნიდან უცქერდა თამაშს.
საბოლოოდ, 2:0 და 17-ქულიანი „ატლეტიკო“ ლიდერ „რეალს“ დაეწია.
„კადისმა“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. სტუმართა კარში ისევ ნიდერლანდელი იასპერ სილესენი იდგა. ჩვენი გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო გახლდათ.
მატჩის გმირი მაინც მეკარე გახდა, ოღონდ მასპინძელი გუნდის არგენტინელი კარის დარაჯი, ხერემიას ლედესმა. მან სამი ურთულესი ბურთი მოიგერია. საერთოდ, „ვალენსია“ უკეთ გამოიყურებოდა, ბურთსაც აკონტროლებდა და მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ სიზუსტე არ ჰყოფნიდათ.
სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება მატჩის შემდეგ „ღამურების“ დამრიგებელმა, ხოსე ბორდალასმა: ბევრი შანსი გვქონდა, უნდა მოგვეგო. თუმცა ადრეც ვთქვი, რომ ახლა ჩამოყალიბების პროცესში ვართ და კონკურენციის მატებასთან ერთად, გუნდი გაიზრდება და დაიხვეწებაო.
„ვალენსიას“ 12 ქულა მოუგროვდა და მე-8 ადგილზეა.
ესპანეთი
პრიმერა
მე-8 ტური. 2 ოქტომბერი
ატლეტიკო - ბარსელონა 2:0
მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“
1:0 ლემარი (23), 2:0 სუარესი (44)
ატლეტიკო: ობლაკი, სავიჩი, ხიმენესი, ერმოსო (ფელიპე 81), ლორენტე, კარასკო (ლოდი 81), კოკე, დე პაული (ტრიპიერი 46), ლემარი, ფელიში (კორეა 72), სუარესი (გრიზმანი 72)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ბარსელონა: ტერ შტეგენი, მინგესა (დე იონგი 75), პიკე, არაუხო, დესტი (ლანგლე 86), ბუსკეტსი, დე იონგი, ნიკო (რობერტო 46), გავი (პუჩი 75), კოუტინიო (ფატი 64), დეპაი
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
მსაჯი: სესარ სოტო გრადო
გაფრთხილება: დე პაული (45+1), კოკე (78); გავი (20)
კადისი - ვალენსია 0:0
ოსასუნა - რაიო ვალეკანო 1:0
1:0 სანჩესი (90+1)
მალიორკა - ლევანტე 1:0
1:0 ბაბა (74)
85-ე წუთზე მორალესმა (ლევანტე) პენალტი ვერ გაიტანა