ფეხბურთი

18:45 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "კვარაცხელიასთვის ეს სეზონი რთულია, აჟიოტაჟი მასზე მოქმედებს"
"რუბინის" მეკარე: "ხვიჩამ პენალტის შემდეგ ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა"

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ (0:1) მატჩის შემდეგ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა, ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა.

რუსი სპეციალისტის თქმით, ხვიჩაზე ის აჟიოტაჟი მოქმედებს, რომელიც მის გარშემო დიდი ხანია არსებობს.

„როდესაც „ნიჟნი ნოვგოროდის“ კარში პენალტი დაინიშნა, სკამიდან ისმოდა შეძახილები, რომ ის დრეიერს შეესრულებინა, მაგრამ ხვიჩამ გადაწყვიტა თავად დაერტყა. გუშინ დრეიერს ვუთხარი, რომ პენალტი თუ დაინიშნებოდა, დაარტყამდა, დარწმუნებული ვიყავი, ამას გააკეთებდა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. კვარაცხელიას ცუდი თამაშის მიზეზი? ეს კვარაცხელიას მეორე სეზონია, მას ყველა იცნობს და მისი ესმის. მისთვის გაცილებით რთულია და ცხადია, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც მის გარშემო დიდი ხანია არსებობს, ასევე ახდენს გავლენას. მეორე სეზონი ყველაზე რთული გამოწვევაა, თუმცა, ყველამ ერთად უნდა გავიაროთ, არა მარტო კვარაცხელიამ“, - თქვა სლუცკიმ.

რუსი სპეციალისტის გარდა, ხვიჩაზე კომენტარი „რუბინის“ მეკარე იური დიუპინმა გააკეთა და თქვა, რომ მან პენალტის გაცუდების შემდეგ ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა.

„ხვიჩას ვეძახდი, ვეძახდი, მაგრამ პენალტის გაცუდების შემდეგ ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მასთან ფსიქოლოგიურად საუბარი საჭიროა. ეს ფეხბურთია, შეიძლება პენალტი ვერ გაიტანო, მაგრამ 30 წუთი კიდევ იყო და გამოსასწორებლად ყველაფერი უნდა გააკეთო. მან კი უბრალოდ ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა. მიზეზი მრავალი ფაქტორია, მაგრამ მე მთავარი დავასახელე“, - აღნიშნა დიუპინმა.

რუსულმა გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ბოლო ხუთ მატჩში კი მეოთხედ დამარცხდა და 14 ქულით მერვე ადგილზე დაქვეითდა. ყაზანელები მომდევნო ტურში 16 ოქტომბერს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებენ. ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში კი მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით 10 მატჩი და 2 გოლია.

0.1504