ვაკანსიას, რომელიც ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის კალენდარში იყო დარჩენილი, ყატარის დიდი პრიზი შეავსებს. ამასთან, ეს დიდი პრიზების სამყაროში, ყატარის ერთჯერადი გამოჩენა არ იქნება. რბოლა 19-21 ნოემბერს ჩატარდება.
უფრო მეტიც, არაბულმა ქვეყანამ ფორმულა 1-თან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის შესაბამისადაც, ქალაქ დოჰასთან არსებული ლოსეილის საერთაშორისო ტრეკი, ფ1-ის რბოლებს 2023-2032 წლებში უმასპინძლებს.
მომავალი წლის კალენდარში ყატარი მხოლოდ იმიტომ არ შევიდა, რომ ქვეყანა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს და მთელი ყურადღება სწორედ მის ორგანიზებაზე ექნება გადატანილი. 2023 წლიდან კი ყატარში ფ1 დაბრუნდება, რისთვისაც იქ ახალ ტრეკს ააშენებენ. მისი დაგეგმვა უკვე დაწყებულია.
ამგვარად, ყატარი ახლო აღმოსავლეთის მეოთხე ქვეყანა, რომელიც ფ1-ის რბოლას მიიღებს. ბაჰრეინი და აბუ დაბი რბოლებს უკვე მასპინძლობენ, საუდის არაბეთში კი რბოლა პირველად წელს ჩატარდება.
ლოსეილის ტრეკი 2004 წელს აშენდა და მას შემდეგ, მოტო გრანპრის კალენდარშია. მასზე ასევე სხვა კლასის ავტო და მოტორბოლები იმართება. 2007 წელს ტრეკზე ხელოვნური განათების სისტემა დამონტაჟდა და იმავე სეზონში, მოტო გრანპრის პირველ ღამის რბოლას უმასპინძლა.
2009 წელს იქ GP2-ის აზიის ჩემპიონატის ეტაპი ჩატარდა, რომლის ორი რბოლიდან, ერთი სერხიო პერესმა მოიგო, მეორე კი - ნიკო ჰულკენბერგმა. 2015-2017 წლებში ლოსეილზე WTCC-ს რბოლები ჩატარდა.