ფეხბურთი

22:59 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა პსვ ეინდჰოვენთან ტრავმა მიიღო

ევროპა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ პსვ ეინდჰოვენს დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა, ხოლო ქართველი ნახევარმცველი 81-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. კიტეიშვილმა მოედანი კოჭლობით, ექიმების დახმარებით დატოვა და ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია დაზიანება.

„შტურმი“ B ჯგუფის აუტსაიდერია უქულოდ და მომდევნო ტურში 21 ოქტომბერს, სან სებასტიანის „სოსიედადს“ დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგის B ჯგუფში ბელგიურმა „გენტმა“ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს, ხოლო კვიპროსელთა სამივე ქართველი თადარიგში იყო. გიორგი ლორია და ნიკა ნინუა ქეცბაიას თამაშში არც ჩაურთავს, ხოლო ნიკა კაჭარავა მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა. „გენტს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში სტუმრად „პარტიზანს“ შეხვდება, ხოლო „ანორთოსისი“ უქულოდაა და წინ „ფლორასთან“ თამაში ელოდება.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა „სლოვანმა“ სტუმრად სალონიკის პაოკ-თან ქულა მოიპოვა. სლოვაკური გუნდი აგებდა, მაგრამ მალევე გაათანაბრა და ფრე 1:1 დაფიქსირდა. ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს, ბრატისლაველებს ორ ტურში 1 ქულა აქვთ და მომდევნო შეხვედრას შინ გიბრალტარის „ლინკოლთან“ ჩაატარებენ.

ამავე ჯგუფში ლიდერი დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენია“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ლინკოლნი“ 3:1 დაამარცხა. ხოჭოლავა მოედანზე მე-80 წუთამდე იყო, იეს თორუპის გუნდს კი მომდევნო ტურში პაოკ-თან მოუწევს თამაში.

ევროპა ლიგაზე „ფერენცვაროშმა“ შინ 1:3 წააგო სევილიის „ბეტისთან“, თუმცა, ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

0.117418