ფეხბურთი

15:48 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვინდა ასეთი „შერიფი“?

წარმოუდგენელი ამბავია: ტირასპოლის „შერიფმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, მადრიდში „რეალი“ დაამარცხა (1:2) და რადგან პირველ ტურში „შახტარისთვისაც“ მოეგო (2:0), D ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა...

„შერიფი“ პირველად მოხვდა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე და სენსაციური, ხმაურიანი სტარტი გამოუვიდა. აბა, წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა, რომელიმე ქართული გუნდი რომ გასულიყო ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ დაემარცხებინა?.. მთლად 13 მაისი არა, მაგრამ ქართული სულის ზეობის და დიდი მხიარულების კიდევ ერთხელ შემსწრენი ნადვილად გავხდებოდით.

არადა, 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, დებიუტანტმა „საბურთალომ“ ორი მატჩის ჯამში აჯობა „შერიფს“ (3:0, 1:3)...

ახლა შეიძლება ვთქვათ (ხომ გვიყვარს ხოლმე პოსტსაბჭოთა გუნდებთან ჩვენიანების შედარება): ნახეთ, მოლდოველებმა რას მიაღწიეს და ჩვენ რაღა დაგვემართაო... თუმცა, ვნახოთ, მართლა გვაჯობეს მოლდოველებმა თუ არა.

ამ ორ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა. მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციამ ლეგიონერებზე ლიმიტი გააუქმა და დაიწყო... „რეალთან“ მატჩში „შერიფის“ განაცხადში მხოლოდ ოთხი მოლდოველი მოთამაშე იყო, აქედან ორი სათადარიგო მეკარე. არცერთი მათგანი გასულა მინდორზე. სამაგიეროდ, თამაშობდნენ ბერძენი, ბრაზილიელი, კოლუმბიელი, პერუელი, ლუქსემბურგელი, უზბეკი, განელი, მალელი, ჩრდილოეთ მაკედონიელი და ტრინიდადელი ფეხბურთელები. ჰო, მოლდოველთა გარდა, თადარიგში ერთი ბოსნიელი და ერთიც გვინეელი დარჩნენ...

„შერიფის“ გარდა, სხვა მოლდოვურმა კლუბებმა წლეულს ევროთასებზე ძალიან სუსტად ითამაშეს. კონფერენს ლიგაზე „სფინტულ გეორგე“ პირველ რაუნდშივე ალბანურ „პარტიზანისთან“ დამარცხდა (2:5, 2:3), „პეტროკუბმა“ და „მისლამიმ“ ერთი წრე გაიარეს მაგრამ, მეორე რაუნდში ვეღარ ივარგეს. „პეტროკუბმა“ ბათუმელთა მომავალ მეტოქე „სივასფორთან“ წააგო (0:1, 0:1), „მისლამი“ კი სულაც შვედურ „ელფსბორგთან“ განადგურდა (0:4, 0:5).

რაც შეეხება მოლდოვის ნაკრებს. ფიფას რეიტინგში ისინი 180- ე ადგილზე არიან (საქართველო -96-ზე). 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში F ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ექვსი ტურის შემდეგ, ჩვენსავით, ერთი ქულით ბოლო ადგილზე არიან. თუმცა „გვაჯობეს“: დანიასთან 0:8 წააგეს, ჯერჯერობით ბოლო შეხვედრაში კი ფარერებთან დამარცხდნენ (1:2)...

ანუ „შერიფი“ საერთო მოლდოვური კონტექსტიდან ამოვარდნილია და მეტ-ნაკლებად კვალიფიციური ლეგიონერების ხარჯზე გადის ფონს. ახლა შერიფში 24 ლეგიონერია, რომლებიც 18 ქვეყანას წარმოადგენენ. ყველაზე მეტი ბერძნები და ბრაზილიელები არაიან - სამ-სამი.

და საიდან ფული? მოლდოვის კლუბები ხომ ჩვენი არ იყოს, სიმდიდრით არ გამოირჩევიან. „შერიფის“ შემადგენლობა კი 13,61 მილიონი ევრო ღირს.

საქმე ის არის, რომ ტირასპოლი დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქია და იქ მოლდოვის იურისდიქცია არ ვრცელდება, თუმცა მოლდოვის სახელით ასპარეზობს. ამ „რესპუბლიკაში“ და კერძოდ ქალაქში, საბჭოთა წყობის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა.

„შერიფი“ 1997 წელს კა გე ბეს ყოფილმა თანამშრომლებმა, ვიქტორ გუშანმა და ილია კაზმალიმ დააარსეს. ეს გუნდი იქაური უდიდესი ბრენდის - „შერიფის“ ერთ-ერთი განშტოებაა. მოლდოვა დასავლური ინვესტიციებით ნაკლებად დაიკვეხნის. ამისდაკვალად, „შერიფი“ აბსოლუტური მონოპოლისტია. მას ეკუთვნის სუპერმარკეტები, ბენზინის გასამართი სადგურები, ავტოსალონები, პურის და ლუდის ქარხნები, სამშენებლო ფირმა, მობილური ტელეფონების ქსელი და სატელევიზიო არხი.

„შერიფს“ მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე დიდძალი უაქციზო სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები და კვების პროდუქტები გადააქვს. ერთ-ერთი გამშვები პინქტი კი სოფელში მოუწყვიათ, საიდანაც ტირასპოლსა და ოდესას შორის უკანონო ვაჭრობის 70 პროცენტი ხორციელდებაო - ამას Daily Mail წერს.

აი, ასეთია „შერიფი.“

0.116175