სხვა

3:04 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

უსიკი ჯოშუასთან რემატჩის შემდეგ, მძიმე წონის ტიტულების გაერთიანებას გეგმავს

მძიმე წონაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი, უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი ვარაუდობს, რომ ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან რემატჩი თებერვალში ან მარტში დაინიშნება. მისი მოგების შემთხვევაში კი ის ტიტულების გაერთიანებაზე იზრუნებს.

უსიკმა ახლახანს ლონდონის ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე, 67 000 ფანის წინაშე, მასზე მაღალსა და მძიმე ჯოშუას მასტერკლასი ჩაუტარა და ქულებით დაამარცხა. რაც მთავარია, მას WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის საჩემპიონო სარტყელები ჩამოართვა.

ამ ოთხიდან, პირველი სამი პრესტიჟულ ორგანიზაციებს ეკუთვნის. მეოთხე - WBC-ს სარტყელს კი ბრიტანელი ტაისონ ფიური ფლობს, ვისაც მალე მისი დაცვა, ამერიკელ დეონტეი უაილდერთან (მესამე) ბრძოლაში მოუწევს.

„ჩვენ ყველა სარტყლის გაერთიანებაზე ლაპარაკს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ფიური და უაილდერი ჩემპიონს გამოავლენენ. ოღონდ, ეს მხოლოდ ჯოშუასთან ჩემი რემატჩის შემდეგ შეიძლება მოხდეს“, - კიევში გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა უსიკმა.

უკრაინელმა მოკრივემ ტიტულების გაერთიანება უფრო ადრე, კრეისერის წონაში (91 კგ) შეძლო, რის შემდეგაც მძიმე წონაში გადავიდა და მალევე (ორ ბრძოლაში) მიაღწია WBO-ის სავალდებულო პრეტენდენტობას. საინტერესოა ისიც, რომ უსიკმაც და ჯოშუამაც, ლონდონის (2012 წლის) ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ჯოშუამ მძიმე წონაში, უსიკმა კი ქვემძიმეში.

34 წლის უსიკი მესამე უკრაინელი მოკრივეა, ვინც მძიმე წონაში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. 2004-15 წლებში რინგზე ძმები, ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები დომინირებდნენ.

0.154903