ფეხბურთი

1:25 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: მესის პირველი გოლი პსჟ-ში, "რეალის" სირცხვილი და "ატლეტიკოს" ქამ-ბექი

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურმა სტარტი აიღო და უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა - ტირასპოლის „შერიფმა“ მადრიდის „რეალს“ სტუმრად მოუგო! თუმცა, სხვა ამბებიც საინტერესო იყო. მაგალითად, პსჟ-მ ისტორიაში პირველად დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“ და ლიონელ მესიმ სადებიუტო გოლი გაიტანა.

A ჯგუფი

დღის მთავარ შეხვედრაში მაურისიო პოჩეტინოს „პარი სენ ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტის“ შანსი არ დაუტოვა და ძალზე დამაჯერებლად 2:0 აჯობა. ანგარიში მალევე, მერვე წუთზე გაიხსნა. იდრისა განა გეიემ ულამაზესი დარტყმით დაამწუხრა პეპ გვარდიოლას გუნდი. მეორე გოლი, რითაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, ლიონელ მესის ანგარიშზეა! არგენტინელმა თანაგუნდელთან კომბინაცია გაითამაშა და მეტოქის ცხრიანში ჩასვა. ასე დაიწყო მესის გოლების ისტორია ფრანგული კლუბის მაისურით.

ამავე ჯგუფში „ბრიუგე“ „ლაიფციგთან“ სტუმრად აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა და 2:1 მოიგო. შედეგად, ბელგიური გუნდი ორი ტურის შემდეგ ჯგუფში 4 ქულით პსჟ-სთან ერთად ლიდერია. „მანჩესტერ სიტის“ აქტივში 3 ქულაა, ხოლო „ლაიფციგს“ ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

„პარი სენ ჟერმენი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:0 (1:0)

გოლი: 1:0 განა გეიე (8), 2:0 მესი (74)

„ლაიფციგი“ – „ბრიუგე“ 1:2 (1:2)

გოლები: 1:0 ნკუნკუ (5), 1:1 ვანაკენი (22), 1:2 რიცი (41)

B ჯგუფი

B ჯგუფის სათავეში „ლივერპული“ მოექცა, რომელმაც „დრაგაუზე“ „პორტუს“ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. იურგენ კლოპის გუნდმა პორტუგალიაში დომინანტური ფეხბურთი ითამაშა და 5:1 იმარჯვა. შედეგად, ინგლისურ გრანდს 6 ქულა აქვს და პლეი-ოფის საგზურის მოპოვება ალბათ არ გაუჭირდება.

უფრო დაძაბული და დრამატული გამოდგა „მილანისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი. 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე „მილანმა“ „სან სიროზე“ და დიდებულად დაიწყო. მეოცე წუთზე რაფაელ ლეაომ იტალიელთა უპირატესობა გოლში ასახა და „როსონერი“ წინ გავიდა. 7 წუთში კი ფრანკ კესი გააძევეს, რადგან ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო. კოტ დივუარელმა გუნდი დააღალატა და კაცნაკლულმა „მილანმა“ ვერ გაძლო. დიეგო სიმეონეს გუნდი მიმდინარე სეზონში ბევრ გოლს თამაშის ბოლო 10 წუთში იტანს და ახლაც ასე მოხდა. 84-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლუის სუარესმა პენალტი ზუსტად დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„მილანს“ წაგება არ დაუმსახურებია, მაგრამ რიცხობრივმა უმცირესობამ თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა. „ატლეტიკოს“ 4 ქულა აქვს, „მილანს“ და „პორტუს“ თითო-თითო.

„მილანი“ – „ატლეტიკო“ 1:2 (1:0)

გოლი: 1:0 ლეაო (20), 1:1 გრიზმანი (84), 1:2 სუარესი (90, პენ)

„პორტუ“ – „ლივერპული“ 1:5 (0:2)

გოლები: 0:1 სალაჰი (18), 0:2 მანე (45), 0:3 სალაჰი (60), 1:3 ტარემი (75), 1:4 ფირმინო (77), 1:5 ფირმინო (83)

C ჯგუფი

C ჯგუფში უკვე გამოიკვეთა ორი ფავორიტი. ამსტერდამის „აიაქსმა“ „ბეშიქთაშს“ პირველივე ტაიმში გატანილი გოლებით 2:0 მოუგო, ხოლო „დორტმუნდმა“ შინ დონიელ მალენის ერთი გოლი იკმარა „სპორტინგთან“.

ორი ტურის მერე აქ ბევრი რამ გამოიკვეთა: „დორტმუნდსა“ და „აიაქსს“ 6-6 ქულა აქვთ, ხოლო „სპორტინგი“ და „ბეშიქთაში“ უქულოდ არიან.

„დორტმუნდი“ – „სპორტინგი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მალენი (37)

„აიაქსი“ – „ბეშიქთაში“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბერგუისი (17), 2:0 ალე (43)

D ჯგუფი

ტირასპოლის „შერიფი“ ისტორიის წერას აგრძელებს და ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“, მადრიდში მოუგო! იური ვერნიდუბის გუნდს საოცნებო პერიოდი აქვს - ჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, მერე პირველივე თამაში დონეცკის „შახტარს“ 3:0 მოუგო და ახლა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალსაც“ აჯობა. შესაძლოა, ამის დაჯერება რთულია, მაგრამ რეალობაა - „შერიფი“ D ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი!

ტირასპოლელებმა „რეალთან“ ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს და მართალია, 65-ე წუთზე კარიმ ბენზემამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. ამის შემდეგ მოლდოველებს ჯერ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, ხოლო 90-ე წუთზე მეორეც გაიტანეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

ამავე ჯგუფში დონეცკის „შახტარისა“ და მილანის „ინტერის“ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ამ გუნდების ბოლო სამ დაპირისპირებაში გოლი არ გასულა. ჯგუფს „შერიფი“ 6 ქულით ლიდერობს, 3 ქულა აქვს „რეალს“, ხოლო „ინტერსა“ და „შახტარს“ თითო-თითო ქულა.

„რეალი“ – „შერიფი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 იახშიბაევი (25), 1:1 ბენზემა (65, პენ), 1:2 ტილი (90)

„შახტარი“ – „ინტერი“ 0:0 (0:0)

0.215682