ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა პაულო დიბალამ და ალვარო მორატამ დღეს J Medical-ში სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარეს, რის შედეგადაც მათი დიაგნოზი ცნობილი გახდა.
დიბალას მარცხენა, ხოლო მორატას მარჯვენა ბარძაყის დაზიანება აქვს. არგენტინელის ტრავმა მოსალოდნელზე ნაკლებ მძიმე გამოდგა. ფეხბურთელი დიდი ალბათობით სანაკრებო პაუზის შემდეგ მზად იქნება და 17 ოქტომბერს, „რომასთან“ დაგეგმილ მატჩში ითამაშებს.
პარადოქსია, მაგრამ უფრო სერიოზულია მორატას დაზიანება, რაც წინასწარ ასე არ ჩანდა. „იუვეს“ ვებგვერდის ცნობით, ორივე ფეხბურთელი სანაკრებო პაუზის შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ იტალიური პრესა წერს, რომ ალვარომ შესაძლოა ოქტომბრის ბოლომდე ვერ ითამაშოს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ისინი „ჩელსისთან“ და „ტორინოსთან“ ვერ ითამაშებენ. შემდეგ იწყება ორკვირიანი სანაკრებო პაუზა, რამაც შესაძლოა კლუბს ფეხბურთელების გამოჯანმრთელებაში ხელი შეუწყოს.
შეგახსენებთ, რომ დიბალა და მორატა „სამპდორიასთან“ მატჩში დაშავდნენ. ორივე ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 3-3 გოლი აქვთ გატანილი.