ბელგიაში დასრულდა საგზაო რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ბოლოს დღეს, მედლების კომპლექტი, მამაკაცებს შორის რბოლაში გათამაშდა. გამარჯვება ფრანგმა ჟულიან ალაფილიპმა მოიპოვა, ვინც თანაგუნდელთა დახმარებით კარგად ისარგებლა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
ალაფილიპმა გადამწყვეტი შეტევა, ფინიშამდე 17 კილომეტრით ადრე დაიწყო და დაწინაურების შემდეგ, პელოტონს დაწევის საშუალება აღარ მისცა. ის სულ მეშვიდე მრბოლია, ვინც მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა.
უფრო ადრე, ფრანგთა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეტოქეები, მათ შორის ფავორიტი ბელგიელები დაეღალა. ალაფილიპის შეტევა კი სწორედ ამგვარი მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ დაიწყო. ფრანგთან ტაქტიკამ, მედლის გარეშე დატოვა ბელგიელი ვუტ ვან აერტი. მეორე და მესამე ადგილები, ჰოლანდიელმა დილან ვან ბაარლემ და დანიელმა მიხაელ ვალგრენმა დაიკავეს, რომლებმაც ჩემპიონთან 32 წამი წააგეს.
„როცა შეტევა დავიწყე, პელოტონის გამოცოცხლება მსურდა და არ მიფიქრია, რომ ბოლომდე წინ დავრჩებოდი. ბოლოს ფანები მოითხოვდნენ, რომ შემენელებინა და არცთუ სასიამოვნო სიტყვებით მომმართავდნენ. მაგრამ მე მათი მადლობელი ვარ, რადგან ასეთი განწყობით, მოტივაცია გამიძლიერეს“, - ყვება 29 წლის ჩემპიონი, ვინც გასულ სეზონშიც, იმოლაში (იტალია) გამართული ჩემპიონატზე, გამარჯვება სოლ რეიდით მოიპოვა.