ფეხბურთი

1:00 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" შეუჩერებელია, მოურინიომ დერბი წააგო, "იუვემ" ზედიზედ მეორედ მოიგო

იტალიის სერია A-ში 6 ტური მიილია და „ნაპოლი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულაც არ დაუკარგავს. ლუჩანო სპალეტის გუნდს სეზონის დიდებული სტარტი აქვს და აშკარაა, რომ სკუდეტოსთვის იბრძოლებს.

„ნაპოლის“ მორიგი მსხვერპლი სარდინიული „კალიარი“ გახდა, რომელსაც ძალიან ადვილად და ენერგიის დაზოგვით აჯობა. მატჩის დასაწყისში ანგარიში ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, რომელიც საოცარ ფორმაშია და მიმდინარე თვეში უკვე მე-6 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლორენცო ინსინიემ პენალტით სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ნაპოლიმ“ ისტორიაში მეორედ მოიგო სეზონის სტარტზე ექვსივე თამაში. პირველად ეს 2017-2018 წლების სეზონში მოხდა.

ტურის ცენტრალური თამაში კი რომში შედგა, სადაც დედაქალაქური დერბი „ლაციოსა“ და „რომას“ შორის გაიმართა. მაურიციო სარიმ პირველი რომაული მოიგო, ხოლო ჟოზე მოურინიომ - წააგო. „არწივებმა“ 3:2 იმარჯვეს და ერთი გოლი პედრომ გაიტანა, რომელიც გასულ სეზონში „რომაში“ თამაშობდა. ესპანელი ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რომაულ დერბიში გოლი ორივე გუნდის მაისურით გაიტანა. „ლაციომ“ 11 ქულას მოუყარა თავი, ხოლო „რომა“ სეზონში მეორედ დამარცხდა და 12 ქულა აქვს.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა „იუვენტუსმა“, რომელმაც შინ გენუის „სამპდორიას“ მოუგო და ამჯერადაც 3:2, როგორც წინა ტურში „სპეციასთან“. მაქს ალეგრის გუნდი პაულო დიბალას ფანტასტიკური გოლით და ლეონარდო ბონუჩის პენალტით 2:0 დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს გაუშვა. მეორე ტაიმის დასაწყისში მანუელ ლოკატელიმ „იუვეს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და სხვაობა ისევ ორამდე გაზარდა, მაგრამ მასპინძლებს ბოლო წუთებში ნერვიულობა მაინც მოუწიათ, რადგან კიდევ გაუშვეს. თუმცა, ტურინელებმა ანგარიში მაინც შეინარჩუნეს და 3:2 მოიგეს, რითაც ათეულში შეაბიჯეს და განწყობა ოდნავ გამოიკეთეს. თუმცა, ტრავმების გამო პაულო დიბალა და ალვარო მორატა დაკარგეს და უკვე ცნობილია, რომ უახლოეს ორ მატჩში („ჩელსისთან“ და „ტორინოსთან“) ვერ ითამაშებენ, დანარჩენს კი სამედიცინო გამოკვლევა გამოაჩენს.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ფლორენციის „ფიორენტინას“ საგარეო გამარჯვება „უდინეზესთან“. „იებმა“ სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს და 12 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს „რომასთან“ იყოფენ.

„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 დიბალა (10), 2:0 ბონუჩი (43), 2:1 იოშიდა (44), 3:1 ლოკატელი (57), 3:2 კანდრევა (83)

„უდინეზე“ – „ფიიორენტინა“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ვლაჰოვიჩი (16)

„სასუოლო“ – „სალერნიტანა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბერარდი (54)

„ემპოლი“ – „ბოლონია“ 4:2 (2:1)

გოლები: 1:0 ბონიფაცი (1, ა.გ), 1:1 ბაროუ (11), 2:1 პინამონტი (32), 3:1 ბაირამი (54), 3:2 არნაუტოვიჩი (77), 4:2 რიჩი (90)

„ლაციო“ – „რომა“ 3:2 (2:1)

გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (10), 2:0 პედრო (19), 2:1 იბანიესი (41), 3:1 ფელიპე ანდერსონი (63), 3:2 ვერეტუ (69)

„ნაპოლი“ – „კალიარი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ოსიმენი (11), 2:0 ინსინიე (57, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.374711