ავტოსპორტი

23:50 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა თავისი მე-100 გამარჯვება სოჭში მოიპოვა

ქალაქში, რომელიც ქართულ მიწაზეა გაშენებული, ფორმულა 1-ის ისტორიაში გამორჩეული რამ მოხდა - ლუის ჰამილტონმა მე-100 გამარჯვება მოიპოვა. ლანდო ნორისი თავის პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო და გუნდს რომ მისთვის რბოლის მიწურულს, ბოქსში შესვლა მკაცრად მოეთხოვა, ალბათ მოიპოვებდა კიდეც.

მაგრამ ასე არ მოხდა. ლანდომ კი ვერ გათვალა და გამარჯვების ნაცვლად, ბოლო ორ წრეზე, მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა. სამაგიეროდ, შესანიშნავად იასპარეზა მაქს ფერსტაპენმა, რომელმაც სტარტი ბოლო რიგიდან აიღო, ფინიშთან კი მხოლოდ თავის უშუალო კონკურენტთან წააგო, რომელსაც ლიდერობაც გადააბარა. თუმცა ნარბოლევს „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, ეს მეორე ადგილი, გამარჯვებაზე მეტიაო.

მეასე გამარჯვებაზე აუცილებლად უნდა ითქვას. ის ერთგვარი ფსიქოლოგიური ბარიერი იყო, რომლის გადალახვაშიც, ეჭვი (მისივე აღიარებით) თავად ჰამილტონსაც (ხანდახან) ეპარებოდა. შესაძლოა, ესეც იყო იმის მიზეზი, რომ სილვერსტოუნის შემდეგ, ის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას ვერ ახერხებდა. ალბათ ამისთვის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს იღბლის დახმარება ესაჭიროებოდა, რომელმაც მისკენ სოჭის რბოლის ბოლო წრეებზე გამოიხედა, როცა ტრეკის თავზე ღრუბელი მიავლინა.

მას შემდეგ, რაც წვიმა წამოვიდა და მალევე გაძლიერდა, ბოქსებში თითქმის ყველა შევიდა ორის გარდა. ეს ორი, გამარჯვებისთვის მებრძოლი ნორისი და ჰამილტონი იყო. ფინიშამდე ოთხი წრე რომ რჩებოდა, ჰამილტონმა საშუალო საწვიმარ რეზინზე გადასვლა გადაწყვიტა. ნორისი კი ჯიუტად რჩებოდა სლიკებზე. მას გუნდმა პიტ სტოპი ურჩია (მაგრამ რატომღაც არ მოსთხოვა), მაგრამ ახალგაზრდა პილოტმა ტრასაზე დარჩენა ამჯობინა. ეს კი შეცდომა იყო.

ბოლო სამ წრეზე, ჰამილტონმა დიდი ულუფებით „შეჭამა“ ის ჩამორჩენა, რომელიც ნორისთან აშორებდა. ლიდერმა ამაში რამდენიმე შეცდომით შეუწყო ხელი. მას ფინიშამდე ორი წრით ადრეც შეეძლო შესვლა და ამ შემთხვევაში, ალბათ მეორე ადგილს შეინარჩუნებდა, მაგრამ ვა-ბანკზე წავიდა და წააგო... ის მეშვიდე ადგილზე გაცილებით მეტს იმსახურებდა...

„რა რბოლა გვაჩუქა ამინდმა. ასამდე ასასვლელად ბევრი დრო დამჭირდა. და დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამას შევძლებდი. როგორც ჩანს, მაქსმა შესანიშნავად იმუშავა, რადგან ბოლოდან მეორე ადგილამდე ამოვიდა. წინ ჯერაც ბევრი დაგვრჩა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ახლა უკვე ორ ქულას უგებს ფერსტაპენს.

ამგვარად, „მერსედესმა“ სოჭში ისევ მოიგო. გერმანულ გუნდს ამ ქალაქში, რაც ის კალენდარშია (2014 წლიდან), ყველა რბოლა აქვს მოგებული. მათგან ხუთი გამარჯვება ჰამილტონის ანგარიშზეა.

სოჭის დიდი პრიზი

სოჭის ოლიმპიური ტრეკი, დისტანცია 309.745 კმ (5.848 კმ, 53 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:30'41.001
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 53.271
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'02.475
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'05.607
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'07.533
  6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'21.321
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'27.224
  8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'28.955
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1'30.076
  10. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1'40.551
  11. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'46.198
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
  13. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  14. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
  15. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1 წრე
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  17. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  18. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2 წრე
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 6 წრე
  20. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 21 წრე

უსწრაფესი წრე: ლანდო ნორისი - 1:37.423 (39-ე წრე, 216.096 კმ/სთ)

პილოტთა ჩემპიონატი

1. ლუის ჰამილტონი - 246.5 ქულა; 2. მაქს ფერსტაპენი - 244.5; 3. ვალტერი ბოტასი - 151; 4. ლანდო ნორისი - 139; 5. სერხიო პერესი - 120; 6. კარლოს საინსი - 112.5; 7. შარლ ლეკლერი - 104; 8. დანიელ რიკარდო - 95; 9. პიერ გასლი - 66; 10. ფერნანდო ალონსო - 58; 11. ესტებან ოკონი - 45; 12. სებასტიან ფეტელი - 35; 13. ლანს სტროლი - 24; 14. იუკი ცუნოდა - 18; 15. ჯორჯ რასელი - 16; 16. ნიკოლას ლატიფი - 7; 17. კიმი რაიკონენი - 6; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 1; 19-21. მიკ შუმახერი, რობერტ კუბიცა, ნიკიტა მაზეპინი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 397.5 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 364.5; 3. მაკლარენ-მერსედესი - 234; 4. ფერარი - 216.5; 5. ალპინ-რენო - 103; 6. ალფატაური-ჰონდა - 84; 7. ასტონ მარტინ-მერსედესი - 59; 8. უილიამს-მერსედესი - 23; 9. ალფა რომეო-ფერარი - 7; 10. ჰაას-ფერარი - 0

0.220299