ფეხბურთი

22:47 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

AS: მამარდაშვილს თამაშის ამბიცია აქვს, გამოსყიდვაზე მოლაპარაკებები განახლდა

ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი იასპერ სილესენისა და გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს. როგორც ესპანური გაზეთი იტყობინება, მამარდაშვილს ძირითადში თამაშის ამბიცია აქვს, „ვალენსიას“ ხელმძღვანელობამ კი მისი გამოსყიდვის შესახებ მოლაპარაკებები განაახლა.

„სილესენი კარში ექვსი ტურის შემდეგ დაბრუნდა. ნიდერლანდელმა მეკარემ ძირითადის სტატუსი პრესეზონში მიღებული ტრავმისა და მამარდაშვილის მაღალ დონეზე თამაშის გამო დაკარგა, მაგრამ საბოლოოდ, ბორდალასმა მისცა შანსი, რომელსაც ამდენი ხანი ელოდა და მწვრთნელმა თავად უთხრა, რომ მისცემდა. მანაც ის გამოიყენა. „ლოს ჩეს“ მე-13 ნომრის შესანიშნავმა სეივმა კლუბს „ბილბაოსთან“ ქულა გადაურჩინა. ერთია, რომ მარკოს ანდრემ ბოლოს გაათანაბრა და მეორე, რომ ამის შემდეგ იასპერმა ფრე შეინარჩუნა. ამიტომაც, ბორდალასმა მატჩის შემდეგ მის დამსახურებად ხაზი გაუსვა: „მან შესანიშნავი სეივი შეასრულა თამაშის ბოლოს“, - თქვა მწვრთნელმა.

არავითარ შემთხვევაში არ იყო იასპერისთვის სეზონის ადვილი დასაწყისი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალიზმს ყოველთვის ინარჩუნებდა, სანაკრებო პაუზის შემდეგ სათადარიგო სკამზე დარჩენა მისთვის ემოციური დარტყმა იყო. ბორდალასი მას ესაუბრა, რათა დაერწმუნებინა, რომ მისი შანსი მალე მოვიდოდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ თამაშის შემდეგ მეკარის შეცვლის გადაწყვეტილება ასეც ახსნა: „მხოლოდ სპორტულ ასპექტზე არ მიფიქრია“.

შეცვლა არასდროს არავის სიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი თავიდან არ მიიჩნეოდა სასტარტოს წევრად. გიორგი ოცნებით ცხოვრობს, რომლის წარმოდგენა არც შეიძლებოდა, როდესაც ის ტურიას დედაქალაქში მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოვიდა. მიუხედავად ამისა, მას უკვე თამაშის ამბიცია აქვს და მორალური დარტყმა არ მიუღია.

უფრო მეტიც, „ვალენსიამ“ და მისმა აგენტებმა ბოლო საათებში გააქტიურეს მოლაპარაკებები გამოსყიდვის ვარიანტის განსახორციელებლად, რადგან ფეხბურთელის აგენტები ვალენსიაში არიან. უნდა გვახსოვდეს, რომ კლუბი გარდა იმისა, რომ მას გამოისყიდის, რომლის ფასი „დინამო თბილისთან“ იანვრამდე 700 ათას ევროს არ აღწევს, აპირებს კონტრაქტის გაფორმებას ისე, რომ ფეხბურთელი დაიცვას“, - წერს გავლენიანი გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ იჯარით შეუერთდა. მან პრესეზონზე თავი გამოიჩინა და შემდეგ ლა ლიგაში 6 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. 6 თამაშში მან ორჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველ ტურში საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110758