უკრაინელმა ოლეკსანდრ უსიკმა, სრულად ავსებულ ტოტენჰემ ჰოტსპურის საფეხბურთო სტადიონზე, ქულებით დაამარცხა მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა და მას WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები ჩამოართვა.
კრეისერის წონაში აბსოლუტურმა ჩემპიონმა უსიკმა, ვინც 34 წლისაა, მეტოქეს მასტერ კლასი ჩაუტარა და დამსწრე 67 000 მაყურებელს გული დასწყვიტა. თუმცა რა მისი ბრალია, თუ სამივე მსაჯმა უპირატესობა (117-112, 116-112, 115-113) სწორედ მას მიანიჭა.
მაყურებლის მხარდაჭერის გარდა, ჯოშუას სიმაღლეში, წონაშიც და ხელების სიგრძეშიც უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეძლო. უკრაინლი მეტწილად მისთვის მიუღწეველი რჩებოდა და თავად უფრო ხშირად ახერხებდა დარტყმას.
უსიკისთვის, ვინც ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონია (2012, ქვემძიმე წონა), ეს მძიმე წონაში მხოლოდ მესამე ბრძოლა იყო. ის მესამე უკრაინელი მოკრივეა, ვინც მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პირველი ორი ძმები, ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები არიან, რომლებიც ყველაზე პრესტიჟულ წონაში 2004-15 წლებში დომინირებდნენ.
და უსიკი კრეისერის წონის მხოლოდ მესამე ჩემპიონია, ვინც მძიმე წონაში გადასვლის შემდეგ, ჩემპიონი გახდა. პირველი ორი, ევანდერ ჰოლიფილდი და დევიდ ჰეი არიან.
ჯოშუასთვის, ვინც ასევე ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონია (2012, მძიმე წონა), ეს პროფესიონალურ რინგზე მეორე წაგებაა. რაც მთავარია, ის ვერ შეძლებს თანამემამულე ტაისონ ფიურისთან შეხვედრას, ვინც WBC-ს საჩემპიონო სარტყელს ფლობს და მალე (9 ოქტომბერს) მესამე ბრძოლას გამართავს ამერიკელ დეონტეი უაილდერთან.
„ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბრძოლა ისე წარიმართა, როგორც ვგეგმავდი. იყო მომენტები, როდესაც ენტონი ძლიერად მიტევდა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მისი ნოკაუტირება მიზნად არ მქონია, რადგან ჩემი კუთხიდან სულ მეძახდნენ, რომ ამაზე არ მეფიქრა. დასაწყისში ვცადე, რომ მისთვის ძლიერად დამერტყა. მაგრამ შემდეგ ჩემს გეგმას მივყევი“, - ყვება ახალი ჩემპიონი.
დასაწყისიდანვე, ჯოშუა დაბნეული ჩანდა. მას ვერ გადაეწყვიტა, მეტოქის ძალით ჯობნა ეცადა, თუ ქულების დაგროვებაზე ეზრუნა. სტადიონი მალევე გაისუსა, როგორც კი დაინახა, რომ უსიკი იოლი მეტოქე არ იყო და ქულებს იოლად აგროვებდა. ლონდონელი მოკრივე საკუთარი ძალის რეალიზებას ვერაფრით ახერხებდა.
უსიკმა მესამე და მეშვიდე რაუნდებში თითო ძლიერი (ცაცია) ჰუკი აგემა მეტოქეს. მეათე რაუნდში ჯოშუას მუშტმა უკრაინელს წარბი გაუხეთქა, მაგრამ ამას მისი ბრძოლისუნარიანობა არ დაუსუსტებია. ბრიტანელს მოსაგებად ნოკაუტი სჭირდებოდა, მაგრამ სხარტი მეტოქე ადვილად ახერხებდა მისი მუშტებისგან თავის არიდებას.
უფრო მეტიც, მე-12 რაუნდში უსიკმა ძლიერ შეუტია, თითქოს ბრძოლის ვადამდე დასრულებას ცდილობდა. მართალია მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ ჯოშუა გაოგნებული კი დატოვა. მსაჯთა გადაწყვეტილების გამოცხადებამდეც აშკარა იყო, თუ ვინ გაიმარჯვა - ჯოშუას ფანბმა გასასვლელებს მიაშურეს და ბევრმა გზაში შეიტყო ოფიციალური შედეგი.
ჯოშუას პრომოუტერმა ედ ჰერნმა განაცხადა, რომ მისი მოკრივე შედეგით განადგურებულია და ჰოსპიტალში წასვლა მოუწევს, რადგან ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ თვალის ფოსო აქვს გატეხილი.