ავტოსპორტი

1:30 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლანდო ნორისის პირველი პოული

სოჭის რბოლას პოულ პოზიციიდან ლანდო ნორისი დაიწყებს. „მაკლარენის“ პილოტმა ყველაზე კარგად იასპარეზა სოჭის ოლიმპიური ტრეკის სველ ასფალტზე და კარიერაში პირველად მოიგო საკვალიფიკაციო რბოლა. მან ნახევარ წამზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ „ფერარის“ კარლოს საინსს და დაახლოებით ერთი წამით - „უილიამსის“ ჯორჯ რასელს.

ჩემპიონატის ლიდერმა მაქს ფერსტაპენმა ერთი წრის დასრულებაც ვერ შეძლო და რბოლას ბოლო რიგიდან დაიწყებს. თუმცა კვალიფიკაცია რომც მოეგო, მაინც სტარტზე ბოლო რიგში დადგებოდა, რადგან მონცადან გამოყოლილი ჯარიმის გარდა, ძრავის შეცვლის გამოც დაკარგავდა ადგილებს.

ხელი მოეცარა ფერსტაპენის უახლოეს მდევარ ლუის ჰამილტონს, ვისაც ორი ინციდენტი შეემთხვა, მათგან პირველი პიტლეინზე შესვლისას, რა დროსაც წინა ფრთა დაუზიანდა. გუნდმა სლიკებით დროულად დააბრუნა ტრეკზე, მაგრამ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა რეზინის გახურება ვერ მოასწრო და დატრიალდა, რითაც სწრაფი წრე გაიფუჭა და საბოლოოდ, მეოთხე შედეგს დასჯერდა. მან ნორისთან ორ წამზე მეტი წააგო.

საინტერესოა, რომ სოჭის ტრეკზე, რომელიც ფორმულა 1-ის კალენდარში 2014 წლიდანაა, „მერსედესს“ ჯერ ერთი რბოლაც არ წაუგია. და თუ კვირას ვერ მოიგებს, რეალური შანსი აქვს იმისა, რომ მისი ძრავით აღჭურვილი მანქანით მოასპარეზე პილოტმა გაიმრჯვოს.

„საოცარი შეგრძნებაა. დღეს მე ეს შევძელი. ძალიან მიხარია და დიდი მადლობა გუნდს. მათ შესანიშნავად იმუშავეს. იოლი არ იყო. ერთი წრით ადრე, ორი წამით უკან ვიყავი. არც მქონდა იმის რწმენა, რომ წინა დროს გავაუმჯობესებდი. საკმაოდ გავრისკე და გამიმართლა. ბედნიერი ვარ“, - განაცხადა 21 წლის ნორისმა.

მონცას რბოლა „მაკლარენმა“ დუბლით მოიგო. იტალიაში გამარჯვება დანიელ რიკარდომ მოიპოვა, ნორისი კი მეორე იყო. ამჯერად ავსტრალიელი მეხუთე შედეგს დასჯერდა.

თავისი მესამე ადგილით, რასელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი პილოტია და სავარაუდოდ, მისი სახით, ჰამილტონს მომდევნო სეზონში კონკურენტი თანაგუნდელი ეყოლება. გარდა ამისა, რასელის კარგი შედეგები იმის მანიშნებელიცაა, რომ „უილიამსი“ კრიზისს თავს აღწევს.

სოჭის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'41.993
  2. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'42.510
  3. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1'42.983
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'44.050
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'44.156
  6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'44.204
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'44.710
  8. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'44.956
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1'45.337
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'45.865

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'46.573
  2. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'46.641
  3. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'46.751
  4. * ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) -
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1'49.586

  1. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'49.830
  2. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1'51.023
  3. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 1'53.764
  4. * შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) -
  5. * მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) -

* ლეკლერი, ფერსტაპენი და ლატიფი, მეოთხე ძრავის გამო, უკანა რიგში დადგებიან

0.11575