სხვა

0:31 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი წარმატება: გიორგი რევიას და მარია კაზაკოვას წყვილმა ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

25 სექტემბერს გათამაშდა მედლების ბოლო კომპლექტი და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის დარჩენილი 4 ლიცენზია სპორტულ ცეკვებში.

საგზურებისათვის ბრძოლაში ჩართული იყო 17 ქვეყნის 20 წყვილი. საკმაოდ რთული და დაძაბული ორდღიანი პროგრამის შემდეგ, ქართველმა წყვილმა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ თავისუფალ პროგრამაში მეორე ადგილი და ჯამური 173,20 ქულით მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები დაიმასახურეს.

ამ საპრიზო შედეგის ყველაზე დიდი მონაპოვარი კიდევ ერთი, რიგით მეოთხე, ლიცენზიის მოპოვებაა ჩვენი ქვეყნისათვის. მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ აკადემიური გამოსვლით, ურთულესი ტექნიკური და კომპონენტური მახასიათებლებით ფინალური აკორდი დაუსვეს ლიცენზიებისათვის ბრძოლის ხანგრძლივ მარათონს.

"ოთხივე სახეობაში ოლიმპიადის საგზურები ის დიდი მიზანი იყო, რომლისათვისაც ღირდა ბრძოლა , ხშირად თავგანწირვამდე მისულიც კი , ეროვნული ფედრაციის ისტორიის ახალი ფურცლის დასაწყებად. 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენმა სპორტსმენებმა დამსახურებულად მოიპოვეს ოლიმპიური საგზურები და ეს ყველაფერი , ჩვენი ქვეყნის სასახელოდ", - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.

0.107231