ფეხბურთი

18:01 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "ჩელსის" მოუგო, "მანჩესტერმა" ისევ წააგო, ბრუნომ პენალტი ვერ გაიტანა

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურმა სტარტი ორი საინტერესო მატჩით აიღო. ტურის გამორჩეულამ მატჩში ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

პეპ გვარდიოლას გუნდმა მტკივნეული მარცხისთვის რევანში აიღო და ტომას ტუხელის გუნდს სეზონში პირველი მარცხი განაცდევინა. მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში გაბრიელ ჟესუსის გოლმა გადაწყვიტა და „ქალაქელებმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს. „მან სიტის“ 13 ქულა გაუხდა, ამდენივე აქვს „ჩელსის“ და ოთხეულში ადგილს იყოფენ „ლივერპულთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად.

„მანჩესტერ იუნაიტედმაც“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა შინ ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ წააგო. ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე კორტნი ჰაუსის ანგარიშზეა. „წითელ ეშმაკებს“ შეეძლოთ ქულის გადარჩენა, მაგრამ 90-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი ააცილა. აღსანიშნავია, რომ მოედანზე იყო კრიშტიანუ რონალდუც იყო, მაგრამ პენალტის შესრულება თანაგუნდელს დაუთმო და როგორც ჩანს, ახლა ნანობს. ამრიგად, „მანჩესტერმა“ მარცხი განიცადა და სულშერის შერყეული სკამი კიდევ უფრო შეირყა.

0.142858