ფეხბურთი

0:23 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

MARCA: "მამარდაშვილის მონუმენტური შეცდომით წლის ერთ-ერთი აბსურდული გოლი გავიდა"

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშს „სევილიასთან“ ესპანური მედია გამოეხმაურა. გავლენიანმა გამოცემებმა Marca-მ და AS-მა სევილიელთა მეორე გოლში ქართველი კიპერი დაადანაშაულეს.

უფრო მეტიც, მადრიდულმა გაზეთმა, ამ გოლს წლის ყველაზე აბსურდული გოლი და მამარდაშვილის მონუმენტური შეცდომა უწოდა.

„მამარდაშვილის მონუმენტური შეცდომა: ასე გავიდა წლის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული გოლი. „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „სევილიას“ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა უხეში შეცდომით, რაც „წლის აბსურდული გოლების“ სიაში შევიდა. მონუმენტური შეცდომის ქრონოლოგია, რომელიც ვერავინ გაიგო: 1. მონტიელის ჩაწოდება მე-15 წუთზე და ბურთი ლატოს მოხვდა. 2. მან მიმართულება შეიცვალა და მეკარის საჯარიმოს არეალისკენ წავიდა. 3. მამარდაშვილი დაბნეულია და ცუდი სტარტი უარესად დასრულდა. 4. ბურთი მეკარის თავზე გადაევლო და ბადეში შევიდა“, - წერს Marca მეორე გოლის შესახებ.

„ლა ლიგის პირველ ტურში ჰქონდა პირველი დიდი საღამო, მეექვსე ტურში კი პირველი დასავიწყებელი საღამო. სამივე გოლში უიღბლო იყო, მეორეში კი სერიოზული შეცდომა დაუშვა. პაპუ გომესის გოლისას ცენტრში დარჩა, რაფა მირის მომენტში კი, კარიდან ნახევრად გამოვიდა და მირს გოლის გატანის საშუალება მისცა. შეიძლება ამ ორ გოლში პირდაპირ მისი ბრალი არაფერია, მაგრამ მაინც შეეძლო სხვა რაღაცის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ღელავდა, რაფა მირის დაბალი ტრაექტორიიით დარტყმა და ენ-ნესირის თავური კარგად მოიგერია“, - წერს As-ი ფეხბურთელების შეფასებებისას კონკრეტულად ქართველ მეკარეზე.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ექვსივე ტურში შეუცვლელად ითამაშა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და 7 გოლი გაუშვა. „ვალენსია“ 25 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

0.145498