ფეხბურთი

10:20 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

Marca: "სევილიასთან" გიორგი მამარდაშვილი არ ითამაშებს

ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში „ვალენსია“ „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ დაუპირისპირდება და ადგილობრივი მედიის ვარაუდით, „ლოს ჩეს“ კარს გიორგი მამარდაშვილი ამჯერად არ დაიცავს.

გავლენიანი გამოცემა Marca გიორგის სავარაუდო შემადგენლობაში არ მოიაზრებს. მადრიდული გამოცემის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ შემადგენლობაში ნიდერლანდელი იასპერ სილესენი ფიგურირებს, ხოლო ქართველი თადარიგშია. არაა გამორიცხული, რადგან შუა კვირის თამაშია, ბორდალასმა როტაციის მიზნით განახორციელოს მეკარის შეცვლა, რაც როგორც წესი, დამკვიდრებული პრაქტიკაა და სულაც არ ნიშნავდეს იმას, რომ გიორგიმ ესპანელი სპეციალისტის ნდობა დაკარგა.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა წინა 5 ტურში შეუცვლელად ითამაშა, კარი მშრალად ორჯერ შეინახა, ოთხი გოლი გაუშვა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. „ვალენსიას“ 10 ქულა აქვს და ლიდერთა შორისაა, ხოლო „სევილიასთან“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

0.129187