რაგბი

20:04 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეული გამგეობა მუშაობას შეუდგა. პირველი სხდომა „თბილისი მარიოტში“ 21 სექტემბერს გაიმართა და მთავარ საკითხს გამგეობის თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე ვეტერანი ბორჯღალოსანის, ცენტურიონი დავით კაჭარავას კანდიდატურა წარადგინა, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი – 121 სანაკრებო კეპია და მას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

„ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ჩემი შრომით აუცილებლად გავამართლებ ამ ნდობას და დარწმუნებული ვარ, წარმატებით წარვუძღვები ამ საქმეს. რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პასუხისმგებლობა რამდენჯერმეა გაზრდილი და ვალდებულნი ვართ საქმე ძალიან კარგად და გამჭვირვალედ წარვმართოთ“ – განაცხადა დავით კაჭარავამ და განაგრძო:

„კრიზისის დაძლევის კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმულია: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც რაგბის კავშირის ბიუჯეტის ზრდას შეეხებოდა, დავალიანების ნაწილის დაფარვის შესაძლებლობა მოგვცა; შეიქმნა ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, რაც სპორტული კუთხით უმნიშვნელოვანესია. ბიჭებს მრავლად უნდა ჰქონდეთ მაღალი დონის თამაშები, რათა იქ მიღებული გამოცდილება ეროვნულ ნაკრებში გამოიყენონ; მნიშვნელოვანი ძვრებია ინფრასტრუქტურის კუთხით. უკვე დაანონსებულია ახალი მოედნების მშენებლობა. ამ მხრივაც დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რადგან ასეთი კრიზისისა და შეზღუდვების ფონზე რაგბის მოედნების მშენებლობა რომ ანონსდება, ეს უდიდეს მხარდაჭერაზე მეტყველებს; მეოთხე უნიშვნელოვანესი პუნქტია ბავშვთა რაგბი და მასობრიობა. ჩვენ გვჭირდება გადამზადებული მწვრთნელები, რომლებიც ბავშვებს რაგბის ფასეულობებზე გაზრდიან“.

კაჭარავა ამბობს, რომ გამგეობის ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ რაგბისთვის სასიკეთოდ იქნება მიღებული:

„ჩემთვის მნიშვნელოვანია იდეა და ფასეულობა, რის გარშემოც გამგეობა შეიკრა. ეს ფასეულობაა რაგბი და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა პიროვნებების, ან რეგიონების მიხედვით, არამედ იმისათვის, რომ ის უკეთესი იქნება რაგბისთვის. რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები“.

კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გამგეობის წევრებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გამგეობამ დაამტკიცა სადისციპლინო სააპელაციო კომისიის წევრები, განიხილა ცვლილებები თამაშის წესებში, დაამტკიცა ანტიკორუფციული რეგულაციები და განიხილა კლუბებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი.

RUGBY.GE

0.113642