ფეხბურთი

0:12 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "მსაჯმა კვარაცხელია არ დაიცვა და ახლა მილიონი სისხლჩაქცევა აქვს"

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ მატჩში 14-წუთიან ინტერვალში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ის უკმაყოფილო დარჩა სერგეი ივანოვის მსაჯობით.

მისი თქმით, რუსი მსაჯი „ზენიტის“ ფეხბურთელებს ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშად თამაშის საშუალებას აძლევდა და ახლა ქართველი ფეხბურთელი ყინულებში ზის, სისხლჩაქცევებით.

„მსაჯმა კვარაცხელიას და ინ ბომის წინააღმდეგ "ზენიტის" ფეხბურთელებს საშუალება მისცა თამაშის წესები უსასრულოდ დაერღვიათ და დაზიანება მიეყენებინათ. მას ვუთხარი, რომ ხალხი სტადიონზე კვარაცხელიას, მალკომის ან ძიუბას თამაშის სანახავად დადის და არა ბატონი ივანოვის მსაჯობის. მან ყვითელი ბარათი მიჩნევა. მესამე გოლზეც შეიძლება იყოს მსაჯთან კითხვები, მაგრამ ის უბრალოდ კატასტროფულად მსაჯობდა.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის აღარ იყოს ჩვენს მატჩებზე მსაჯი, თუ ეს ვარიანტი შესაძლებელი იქნება. თუ იმ შეცდომების ჩამოთვლას დავიწყებ, რომელიც მსაჯმა დაუშვა, თითები არ მეყოფა. მთელ მსოფლიოში არბიტრები შემტევ მოთამაშეებს იცავენ და სწორადაც იქცევიან. კვარაცხელია ყინულებშია, მას მილიონი სისხლჩაქცევა აქვს და შესაბამისად, ჰემატომაც.

ის არაკომპეტენტური მსაჯია, პირველად 2006 წელს გამაძევა და ახლა მეორედ. ჩემი აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ 15 წლის განმავლობაში ორი წითელი ბარათი მივიღე და ორჯერვე მან მიჩვენა“, - თქვა სლუცკიმ.

„რუბინი“ „ზენიტთან“ შინ 1:3 დამარცხდა, ხვიჩა კვარაცხელია კი სლუცკიმ 73-ე წუთზე შეცვალა. შეგახსენებთ, ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგაში რვა ტურის თავზე 14 ქულით მეხუთე ადგილზეა და 26 სექტემბერს, მოსკოვში „დინამოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116557