იტალიის დიდი პრიზი ბევრი რამით იყო გამორჩეული. რბოლამდე, კერძოდ კი სპრინტის დროს, ერთ-ერთი მთავარი „რამ“ ის იყო, რომ ლანდო ნორისმა ლუის ჰამილტონის შეკავება შეძლო. და იგივე ძირითადი რბოლის პირველ ნაწილშიც გაიმეორა.
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონისთვის, „მაკლარენის“ ახალგაზრდა პილოტი, გადაულახავ ბარიერად იქცა. ჯერ უშუალო ბრძოლაში არ აძლევდა ტიტულოვან თანამემამულეს გასწრების საშუალებას. ჰამილტონმა მაინც გაასწრო, მაგრამ გვიანი პიტ სტოპის შემდეგ, ნორისი მის წინ აღმოჩნდა და რომ არა ჰამილტონის და მაქს ფერსტაპენის შეჯახება, ფინიშამდე იოლ ცხოვრებას არ პირდებოდა.
„შაბათს სპრინტისას კარგად ვივარჯიშე. ჰამილტონისგან თავს 18 წრის განმავლობაში ვიცავდი. საკმაოდ სწრაფად დავადგინე, რომელ ადგილებში იყო სწრაფი, რომლებში შედარებით ნელი. თანაც ის მყარი საბურავებით იყო, რაც მის შეკავებაში მეხმარებოდა“, - ყვება ნორისი.
„მაგრამ ბოლო ორ-სამ წრეზე მისი ჰარდები უკეთ ამუშავდა, ან უფრო, ჩემი მედიუმები გაცვდა. მან გამიარა. მერე კი ბოქსებში შეუხვია. მაგრამ უფრო გვიანი პიტ სტოპით, ისევ მის წინ გამოვედი“.
რაც მთავარია, ნორისმა და მისმა თანაგუნდელმა დანიელ რიკარდომ, კვარცხლბეკის პირველი ორი საფეხურის დაკავება შეძლეს.