ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბერნის „იანგ ბოისთან“ წაგება შესაძლოა, ოლე გუნარ სულშერს ძვირად დაუჯდეს და „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაითხოვონ.
Daily Express-ის ინფორმაციით, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელები ნორვეგიელის დათხოვნაზე ფიქრობენ და უახლოეს პერიოდს მისცემენ, რომ სულშერმა მათ აზრი შეაცვლევინოს. წყაროს თანახმად, უკვე შერჩეულია სამი კანდიდატი, რომლებიც ნორვეგიელის შემცვლელად განიხილებიან - ბრენდან როჯერსი, ანტონიო კონტე და ზინედინ ზიდანი.
ფრანგი ფავორიტად მიიჩნევა, რადგან კრიშტიანუ რონალდუსთან და რაფაელ ვარანთან კარგი ურთიერთობა აქვს ჯერ კიდევ მადრიდის „რეალიდან“ მოყოლებული. გარდა ამისა, ზიდანს პოლ პოგბასთან მუშაობის პერსპექტივაც ალბათ გარკვეულ ფაქტორს ითამაშებს.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში კარგი სტარტი აიღო და 10 ქულით ერთ-ერთი თანალიდერია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სენსაციურად დამარცხდა და ძალიან ცუდი თამაშის ხარისხი აჩვენა.