ტირასპოლის „შერიფი“ ისტორიის წერას აგრძელებს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრით არ დაკმაყოფილდა. მოლდოვის ჩემპიონმა იქ დებიუტი გამარჯვებით დააგვირგვინა!
იური ვერნიდუბის გუნდმა, რომელსაც სხვათა შორის, ვილი სანიოლის მოსვლამდე, საქართველოს ნაკრებს უკავშირებდნენ, ტირასპოლში დონეცკის „შახტარს“ მოუგო.
მატჩის მე-16 წუთზე კრისტიანოს ჩაწოდების შემდეგ ადამა ტრაორემ ერთი შეხებით ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა, რაც მოლდოვური ფეხბურთისთვის ისტორიული გოლი იყო - პირველი ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში. მეორე ტაიმში კრისტიანომ კიდევ ერთი საგოლე პასი მიითვალა და ამჯერად თავი მომო იანსანემ გამოიჩინა.
საბოლოოდ, „შერიფმა“ ისტორია დაწერა და გაცილებით გამოცდილ „შახტარს“ 2:0 მოუგო და ასპარეზობა 3 ქულით დაიწყო. აქვე გეტყვით, რომ ამ ჯგუფში მადრიდის „რეალი“ და მილანის „ინტერი“ თამაშობენ.