კალათბურთი

22:28 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბეჟანიშვილს დენვერმა “Exhibit 10” კონტრაქტი გაუფორმა

ავსტრიის მოქალაქე გიორგი ბეჟანიშვილს, რომელიც ნბა-ს გასულ დრაფტზე უგუნდოდ დარჩა, “დენვერ ნაგეტსმა” Exhibit 10 კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ხვდებით, ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი კონტრაქტი. ამ ტიპის ხელშეკრულება ერთ წელზეა გათვლილი მინიმალური სახელფასო ფონდით და არ ითვალისწინებს ბონუსების სისტემას. სპეციალური პუნქტის თანახმად, მხარეების შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია, ის სრულფასოვან კონტრაქტად გარდაიქმნას, თუმცა, ეს რეგულარული სეზონის დაწყებამდე უნდა მოხდეს. ამ სახის კონტრაქტის მოთამაშესთვის უარყოფითი პუნქტი ის გახლავთ, რომ კლუბს უფლება აქვს, კალათბურთელთან ურთიერთობა ნებისმიერ დროს გაწყვიტოს.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ Exhibit 10 კონტრაქტის მქონე კალათბურთელები კლუბებს ძირითადად სათადარიგოთა რანგში ჰყავთ და მათი განაცხადში დამატება შეუძლიათ, მანამდე კი, მეტწილად, მათ განვითარების ლიგაში ათამაშებენ. დენვერ ნაგეთსისთვის G ლიგაში პარტნიორი კლუბი Grand Rapids Gold-ია და მოსალოდნელია, რომ ავსტრიის მოქალაქეობის მქონე ქართველი კალათბურთელი სწორედ მის ღირსებას დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ბეჟანიშვილმა საზაფხულო ლიგაში დენვერის მიერ ჩატარებული 5 მატჩიდან 3-ში – მაიამისთან, ბოსტონთანა და სანდრო მამუკელაშვილის მილუოკისთან ითამაშა და ჯამში მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო. წინა 3 სეზონი ბეჟანიშვილმა NCAA-ის ტოპ-კონფერენციის (Big Ten) გუნდ “ილინოის ილინიში” გაატარა და ჯამში ჩატარებულ 95 მატჩში საშუალოდ 8.2 ქულასა და 4.3 მოხსნას ითვლიდა.

GBF.GE

0.116156